დიდი 10 | ლელო-სარასენსი 46:0 ვეფხვები

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ რვა უპასუხო ლელო გაუტანა და 46:0 დაამარცხა.

დიდ დიღომში გამართულ მატჩში მასპინძლები პირველიდან ბოლო წუთამდე ფლობდნენ უპირატესობას და ჩემპიონატის სტარტზე განცდილი მარცხისთვის ღირსეული რევანში აიღეს.

თამაში დაიწყო თუ არა თბილისელებმა ორი ლელო გაიტანეს – ნიკა ბაგაშვილმა, რომელიც მოგვიანებით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, 7 წუთში დუბლი შეასრულა. დაახლოებით 20-წუთიანი პაუზის შემდეგ, ‘ლელო-სარასენსმა’ კიდევ ორი ლელო გაიტანა და ამჯერად თავი არჩილ აბესაძემ და ჯაბა სიხარულიძემ გამოიჩინეს. ბექა მამუკაშვილმა ორი გარდასახა – 24:0.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო, იმ განსხვავებით, რომ ლელოები გიორგი მარგალიტაძემ და აკაკი ტაბუცაძემ გაიტანეს. დასკვნით 15 წუთში ლელოებით თავი საბა ჯღარკავამ და მათე დარძულიძემ გამოიჩინეს, ბოლო გარდასახვა რატი შანიძემ შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

‘ლელო-სარასენსმა’ ბონუსიც აიღო, ექვსი თამაშიდან 16 საცხრილო ქულა მოაგროვა და „ა“ ჯგუფში მესამე ადგილზე აღზევდა, „ვეფხვები“ კი, ერთი მოგებით და ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ, 4 ქულით ჯერჯერობით ბოლო ადგილზეა.

 

ფოტო: ანი ბერთლანი