დიდი 10 | ლელო-სარასენსი 43:21 ხვამლი

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი ‘ხვამლი’ ბონუსით – 43:21 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა.

„ლელო არენაზე“ თამაში კარგი საყურებელი გამოდგა. მასპინძლებმა დებიუტშივე სწრაფი შეტევები აირჩიეს და 20 წუთში სამი ლამაზი ლელო გაიტანეს. მე-4 წუთზე გაგა ქევხიშვილის კარგ გარღვევას ფორვარდების რამდენიმე დარტყმა მოყვა, ‘ხვამლის’ დაცვა ვეღარ გადაეწყო და გოგიტა რიკაძემ ანგარიში გახსნა. მე-9 წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთხელ ააჩქარეს თამაში, მარცხენა ფრთაზე რამდენიმე კარგი პასი გაკეთდა და გიორგი მარგალიტაძემ ლელო გაიტანა. მე-18 წუთზე 5-მეტრიანი დერეფნიდან დაყენებულ მოლს ბექა გელხვიძის ლელო მოყვა, ირაკლი ყიასაშვილმა კი, სამ გარდასახვასთან ერთად ჯარიმაც გაიტანა – 24:0.

ასეთი დასაწყისის შემდეგ სტუმრებმა მაინც შეძლეს ძალების მოკრება, კაცნაკლულებმა (მე-14 წუთზე ყვითელი ბარათი ბაჩანა მონიავამ მიიღო) შეძლეს შედეგიანი იერიშის განხორციელება და მიხეილ თაყაიშვილის გარღვევას რეზო მახარაძის საპასუხო, ძალისმიერი ლელო მოყვა. ზურა ქობელაშვილმა გარდასახა. ტაიმის ბოლოს ‘ლელომ’ დაიბრუნა სათამაშო ინიციატივა და მასირებული შეტევების შემდეგ გელხვიძემ დუბლი შეასრულა – 29:7.

მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მოლის შემდეგ მარცხენა ფრთაზე გაგა ქევხიშვილმა მცველს 1-1-ზე აჯობა და ალამთან ლელო ნახტომში გაიტანა, ყიასაშვილმა კი გარდასახა. ამით მასპინძლებმა თითქოს ბონუსიც დაიბევეს, მაგრამ ‘ხვამლი’ არ გატყდა. 56-ე წუთზე საბა კურტანიძემ ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა და ნიკა ცინცაძემაც გარდასახა. ‘ლელო’ ჯერ კიდევ ბონუსის სხვაობას ინარჩუნებდა, მაგრამ 75-ე წუთზე არჩილ აბესაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, ‘ხვამლის’ შერკინებამ კი საჯარიმო ლელო გამოიმუშავა.

ამას ‘ლელო’ არ შეეგუა, მით უმეტეს, რომ თამაშის განახლებისას ‘ხვამლმა’ ბურთი ვერ აიღო, გიორგი კურტანიძემ ხაზი გაჭრა, მას გელხვიძე მიყვა და თავისი მესამე ლელოთი გუნდს ბონუს-ქულაც დაუბრუნა. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.