დიდი 10 | ლელო-სარასენსი 33:22 ხარები

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ რუსთავის ‘ხარებს’ 33:22 სძლია და მეტოქე მოწინავე ექვსეულში არ შეუშვა.

პირველი ეტაპის დასკვნით ტურში, „რაგბი პლატოზე“ გამართულ მატჩში, სტუმრებს გამარჯვება ჭირდებოდათ, რათა „ა“ ჯგუფში მოწინავე სამეული დაებევებინათ. უმოტივაციოდ არც მასპინძლები იყვნენ. ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ქვედა სამეულში რჩებოდნენ და თუ რუსთაველებსაც „თავისთან დაიტოვებდნენ“, მეორე ეტაპზე მათთან აღებული ქულები გადაყვებოდათ. საბოლოო ცხრილის დალაგებაში, მნიშვნელობა ქონდა პარალელურად მიმდინარე თამაშის შედეგსაც და საბოლოოდ, მოვლენები ‘ლელოსთვის’ სასურველი სცენარით წარიმართა.

მატჩში ჯამში 9 ლელო გავიდა. ანგარიში დებიუტში ‘ხარებმა’, ბაქარ ზედგინიძის ლელოთი გახსნა, რომელმაც გრძელი გადაცემა მიიღო და მარჯვენა ფრთაზე გაიქცა. მე-12 წუთზე მას ლუკა კოროშინაძემ უპასუხა, რომელიც კარის წინ მბოჭავს დაუსხლტა, ხოლო ბექა მამუკაშვილმა გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა. ტაიმის მიწურულს კაცნაკლულმა ‘ხარებმა’ მაინც შეძლო უპირატესობის მოპოვება, ფორვარდების დარტყმის შემდეგ, იერიში მოკლე ფრთაზე გაგრძელდა და ორი მცველის მცდელობის მიუხედავად, გიორგი ნათელაშვილმა ბურთი დაამიწა, გარდასახვა კი კვლავ არაზუსტი იყო – 7:10.

მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში ‘ლელო-სარასენსმა’ სამი ლელო გაიტანა და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვიტა. დებიუტში მათ მოლით დაძრეს მოწინააღმდეგე და ბურთი თენგიზ ზამთარაძემ დაამიწა, 50-ე წუთზე თავი ოთარ ლაშხმა გამოიჩინა, ხოლო მე-60-ეზე მატჩის საუკეთესო მოთამაშე ზამთარაძემ დუბლი შეასრულა. მამუკაშვილმა ორი გარდასახა და თბილისელები 16 ქულით დაწინაურდნენ.

მაგრამ ‘ხარები’ არ დანებდა და კაცნაკლულმა ამჯერადაც შეძლო ლელოს გატანა. სანდრო ილურიძემ მეტოქეს ლელოდან ფეხით მოგერიებისას დაუფარა, ბურთი ძელმა ისე აისხლიტა, რომ გიორგი ბასილაიას ხელებში აღმოჩნდა და კარის წინიდან ვაჟა ხუციშვილმა გარდასახა. 73-ე წუთზე უკვე ‘ხარებმა’ ააგორა მოლი და ის დიმიტრი ცაბაძის ლელოთი დასრულდა. ხუციშვილს ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა და სხვაობა მხოლოდ 4 ქულამდე შემცირდა.

და მაინც, დასკვნითი წუთები ‘ლელოსი’ იყო, რომელმაც ძალისმიერი ლელო გაიტანა და მეტოქეს არა თუ მოგებაზე ფიქრის, ბონუსის აღების საშუალებაც არ მისცა. თავი სანდრო ქუნთელიამ გამოიჩინა, მამუკაშვილმა კი გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 33:22.

პარალელურ მატჩში ‘ხარების’ კონკურენტმა ‘ლოკომოტივმა’, ‘აკადემიას’ ბონუს ქულით სძლია, რის შემდეგაც რუსთაველები ჯგუფში მეოთხე ადგილზე დაქვეითდნენ და შესაბამისად, მეორე ეტაპზე უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძოლებენ.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე