დიდი 10 | ლელო-სარასენსი 29:26 აკადემია

დედაქალაქურ დერბიში ‘ლელო-სარასენსმა’ ‘აკადემია’ დაძაბულ ბრძოლაში 29:26 დაამარცხა და განახლებულ ჩემპიონატში ცხრილის სათავეში მოექცა.

დიდ დიღმელებმა უკვე იცოდნენ, რომ ‘ხარებს’ რუსთავში ფეხი დაუცდათ და გამარჯვების შემთხვევაში ლიდერები ხდებოდნენ. თავის მხრივ, ბოლოდროინდელმა შედეგებმა „მხატვრებს“ საფლეიოფო ექვსეულში მოხვედრის შანსი გაუჩინა და „ლელო არენაზე“ შეკრებილმა გულშემატკივარმა საინტერესო სანახაობა იხილა.

თამაში ‘აკადემიას’ შეტევებით დაიწყო. საწყის წუთებში მათ შეძლეს ბურთზე კონტროლის დამყარება, ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება და მე-10 წუთზე დავით მოძღვრიშვილმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. „მხატვრების“ სწრაფი, ხელდახელ შეტევა ტაიმის შუაში ნიკა სვიმონიშვილის სინბინით დასრულდა, სამიოდე წუთში კი საბა დათიაშვილმა გაჭრა კაცნაკლული მეტოქის ხაზი და ლელო გაიტანა. გარდასახვა მიზანს ასცდა.

დასკვნითი 10 წუთი უხვქულიანი აღმოჩნდა. ‘ლელომ’ შემადგენლობის შევსებიდან ერთ წუთში ცენტრში შეძლო დაცვის ხაზის გაჭრა, სვიმონიშვილმა რაქიდან ბურთის ლელოში გადადება ვერ მოახერხა, თუმცა იქვე საქმეში ნიკა პატარაია ჩაერთო და ჩამორჩენა შეამცირა. 36-ე წუთზე მასპინძლებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დაძრეს და ბექა გელხვიძემ საკუთარი გუნდი დააწინაურა, ირაკლი ყიასაშვილმა კი მეორე გარდასახვა გამოიყენა.

და მაინც, ‘აკადემიამ’ დარჩენილ დროში მოახერხა უპირატესობის დაბრუნება. მოძღვრიშვილმა ორი წუთის ინტერვალში ორი ჯარიმა გაიტანა და სტუმრები შესვენებაზე კარგ ხასიათზე გაიყვანა – 12:14.

მეორე ტაიმი ირაკლი ყიასაშვილის ჯარიმით დაიწყო. 52-ე წუთზე ‘ლელოს’ მოლს ზაურ კენჭაძის ლელო მოყვა და ყიასაშვილმაც გარდასახა. 56-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა ცენტრში ხაზი გაჭრა და კონტრშეტევა წამოიწყო, კოტე იაშვილი მას ლელოთი დაასრულებდა, რომ არა პეტრე ხუციშვილის მაღალი ბოჭვა და ის სინბინით დაისაჯა. ერთ წუთში იმავე კუთხეში ლელო მაინც გავიდა, ლუკა ივანიშვილმა მოლი ლელოთი დაასრულა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო.

ტაიმის შუაში ყვითელი ბარათი უკვე კოტე ნახუცრიშვილმა მიიღო, მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა და მოლის შემდეგ ლელო ნიკა ბაბუნაშვილმა მიითვალა. ყიასაშვილი გარდასახვიდან არ შეცდა. 65-ე წუთზე გიორგი მარგალიტაძეს ფეხით თამაშისას ლაშა შალიკაშვილმა დააფარა და ლელო გაიტანა. სოსო მათიაშვილმა გარდასახვით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ დარჩენილ დროში ლელოს გატანის შანსი ‘ლელოს’ უფრო ჰქონდა, ანგარიში აღარ შეცვლილა და მასპინძლებმა 29:26 იმარჯვეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘აკადემიას’ შუამარბი საბა დათიაშვილი გახდა.