დიდი 10 | ლელო-სარასენსი 20:13 არესი

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ ქუთაისის ‘არესს’ 20:13 სძლია და მომავალ სეზონში უძლიერესთა შორის თამაში თითქმის დაიბევა.

უშუალო კონკურენტთან გამარჯვების შემდეგ, ‘ლელო’ ‘არესს’ ქულებით გაუთანაბრდა (25-25), მას დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრო და მეორე ადგილზეა. ამასთან, ‘ლელოს’ ერთი გამოტოვებული მატჩი აქვს გასამართი მარნეულის ‘არმაზთან’, ბოლო ტურში კი აუტსაიდერ ‘ჯიქს’ ეთამაშება.

მატჩის დებიუტი მასპინძლების იყო. ბექა მამუკაშვილმა ჯარიმით გახსნა ანგარიში, მე-7 წუთზე მოლი ლელოთი ლევან პაპიძემ დაასრულა, ხოლო მე-16-ზე ‘არესმა’ საკუთარ ნახევარზე შეცდომა დაუშვა, ჯაბა სიხარულიძემ ბურთი აიტაცა და ლელომდე ირბინა. მამუკაშვილმა ორივე გარდასახა – 17:0.

‘არესმა’ ნელ-ნელა სიტუაცია გამოასწორა, ტაიმის ბოლოს 5-მეტრიანი შერკინებიდან ბადრი დანგაძემ შეუტია და ერთი ლელო გაქვითა. შესვენების შემდეგ ბონდო აბაშიძის ჯარიმას მამუკაშვილმა მე-60-ე წუთზე უპასუხა, მერე კი კვლავ ‘არესმა’ იმძლავრა. 66-ე წუთზე თენგიზ ზამთარაძის სინბინის შემდეგ, ქუთაისელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და მარჯვენა ფრთაზე გრძელი პასის შემდეგ ლელო ამირან შვანგირაძემ გაიტანა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, ‘ლელომ’ 20:13 მოიგო და ‘არესს’ მხოლოდ სანუგეში ბონუსი ერგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ლელო-სარასენსის’ 9 ნომერი თენგიზ პერანიძე გახდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე