დიდი 10 | იუნკერები 7:49 ბათუმი

‘ბათუმმა’ ‘იუნკერებს’ „ხვამლი არენაზე“ 7 ლელო გაუტანა, 49:7 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მიჯრით მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

ზღვისპირელები დაუმარცხებელ სვლას აგრძელებენ, გამარჯვებებთან ერთად, სამჯერ ბონუს-ქულაც მოიპოვეს და 23 ქულით სატურნირო ცხრილის თავში არიან, თანაც ისე, რომ უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებენ. ‘იუნკერებმა’ უქულოდ ზედიზედ მესამე თამაში დათმო და 4 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზეა.

‘ბათუმმა’ შეხვედრის ბედი პრაქტიკულად პირველსავე ტაიმში გადაწყვიტა. ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა, როდესაც სტუმრებმა 5-მეტრიანი შერკინებიდან ხაზზე გაიტანეს ბურთი და ზურაბ ძნელაძემ ის ძელებსშუა დაამიწა. 4 წუთში მათი კარგი ხელდახელ შეტევა სანდრო ქოიავას ლელოთი დასრულდა, რომელიც კარის წინ მბოჭავმა ვერ შეაჩერა, ხოლო კიდევ 4 წუთში მოლის შემდეგ ლელო გიორგი მენაბდემ გაიტანა.

22-ე და 37-ე წუთებზე ბათუმელებმა კიდევ ორჯერ ააგორეს მოლი და მენაბდემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, ტაიმის ბოლოს კი კობა ჯიმშელეიშვილმა სიჩქარეში მიიღო ბურთი, ხაზი გაჭრა და გუნდის მეექვსე ლელო გაიტანა. მეორე ტაიმი 4 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ზურა თუთბერიძემ მორიგი ლელო გაიტანა, მამუკა ნინიძემ ყველა გარდასახა და ანგარიში 49:0 გახდა. ‘იუნკერებმა’ 48-ე წუთზე ნიკოლოზ მარჯანიშვილის პრესტიჟის ლელოთი უპასუხა და გიორგი ჯღამაიამ გარდასახა, მაგრამ დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და სტუმრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ბათუმის’ მეორეხაზელი კობა ჯიმშელეიშვილი გახდა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე