დიდი 10 | იუნკერები 31:27 ყოჩები

კიკეთის ‘იუნკერებმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ დასკვნით 20 წუთში სამი ლელო გაუტანა, 14-ქულიანი ჩამორჩენა გაუქვითა და 31:27 გაიმარჯვა.

ეს იყო დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირის მეორე ეტაპის მეოთხე ტურის ბოლო მატჩი. ერთმანეთს სატურნირო ცხრილში მეხუთე-მეექვსე ადგილზე მყოფი გუნდები ეთამაშებოდნენ და გამარჯვებულს დაწინაურების შანსი ჰქონდა. შესაბამისად, ბრძოლა დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულიც ბოლო წუთზე გაირკვა.

ანგარიში მე-5 წუთზე ‘იუნკერებმა’ რამაზ ხარაზიშვილის ჯარიმით გახსნა, თუმცა ტაიმი ბოლნისელების იყო. ლაშა მალაღურაძემ საპასუხო ჯარიმა 3 წუთში გაიტანა, 23-ეზე ბოლნისელებმა მოლით შეუტიეს და ლელო ნიკა ჩხიკვაძემ მიითვალა, 36-ეზე კი მალაღურაძემ გრძელი პასით ლევან გოგოლაშვილი მოძებნა და მან ბოლო მცველი მოძრაობაზე დაიჭირა. ლაშამ ორივე გარდასახა და ‘ყოჩები’ 17:3 დაწინაურდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘იუნკერებს’ გიორგი მოსულიშვილი გაუსინბინეს, თუმცა კიკეთელებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და 50-ე წუთზე ყვითელი ბარათი ლევან გენებაშვილმაც მიიღო. მალე მასპინძლებს მოსულიშვილი დაუბრუნდათ და მათი მოლი საჯარიმო ლელოთი დასრულდა, თანაც ბოლნისელებმა ყვითელი ბარათით ზურა ფრუიძეც დაკარგეს და 13 კაცის ამარა დარჩნენ.

მიუხედავად ამისა, თამაშის განახლებისთანავე გოგოლაშვილმა დაკიდებული ბურთი მოხსნა და 5-მეტრიანში შევიდა, იქიდან დარტყმით კი ჩხიკვაძემ დუბლი შეასრულა და მალაღურაძემაც 14-ქულიანი ჰანდიკაპი აღადგინა. ‘იუნკერებმა’ 2-კაციანი უპირატესობა 59-ე წუთზე გამოიყენა, როდესაც გიორგი კურტანიძემ რაქის გვერდით წარმატებულად შეუტია და ხარაზიშვილმა გარდასახა.

‘ყოჩებმა’ მალაღურაძის ჯარიმით უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა. ლაშას მეორე დარტყმა გაუცუდდა, დასკვნითი 10 წუთი კი კვლავ ‘იუნკერების’ იყო. 72-ე წუთზე კიკეთელებმა მოლით დაახლოებით 18 მეტრი იარეს, ლელოდან სანტიმეტრებში ბურთი კურტანიძემ აიტაცა და დუბლი შეასრულა, ხარაზიშვილმა კი გარდასახა. სამიოდე წუთში ‘იუნკერების’ მორიგი მოლი საჯარიმო ლელოთი დასრულდა და მასპინძლები დააწინაურა – 31:27.

‘ყოჩებმა’ დასკვნითი წუთები შეტევებში გაატარა, თუმცა ‘იუნკერებმა’ თავი დაიცვა და 14 ქულით მეოთხე ადგილამდე დაწინაურდა. ‘ყოჩებს’ ბონუსი შეხვდა და 11 ქულით მეექვსე პოზიციაზეა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე დუბლის ავტორი გიორგი კურტანიძე გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი