დიდი 10 | იუნკერები 27:29 ყოჩები

თემურ სოხაძემ ბოლოსწინა წუთზე ანტონ ფეიქრიშვილის მიერ გატანილი ლელო გარდასახა და ბოლნისის ‘ყოჩები’ დიდი 10-ის გარდამავალი სეზონის ნახევარფინალში გაიყვანა.

„ავჭალაზე“ გამართული შეხვედრის დებიუტში ‘იუნკერები’ რამაზ ხარაზიშვილის ჯარიმით დაწინაურდა. ‘ყოჩებმა’ ტაიმის შუაში უპასუხა, როდესაც ირაკლი გეგენავამ თითქმის კარის წინ გაჭრა ხაზი და ლელო გაიტანა, ლაშა მალაღურაძემ კი გარდასახა. 25-ე წუთზე ‘იუნკერებმა’ 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, თუმცა 3 წუთში ‘ყოჩებმა’ თემურ ჭიჭინაძის ლელოთი უპირატესობა დაიბრუნა და მალაღურაძემაც გარდასახა – 14:10.

მეორე ტაიმის დასაწყისში მალაღურაძემ ჯარიმით საკუთარი გუნდის უპირატესობა გაზარდა, ხოლო 52-ეზე კონტაქტით მბოჭავი ცენტრში მოიშორა, იერიში მარცხენა ფრთაზე გაგრძელდა, ჭიჭინაძემ ნიკა ბიწაძეს ოფლოუდი ამოუგდო და მანაც ლელო ალამთან გაიტანა – 22:10.

‘იუნკერები’ მალევე დაბრუნდნენ. არეულ თამაშში გიორგი ყუფარაძემ თავისი ნახევრიდან კონტრშეტევა წამოიწყო, შეცდომების სერიის შემდეგ, მირიან მარგალიტაძემ ხაზი გაჭრა და ბექა სამსიანის ლელო რამაზ ხარაზიშვილმა გარდასახა. 62-ე წუთზე კიკეთელების ფორვარდებმა წითელ ზონაში რამდენიმე დარტყმა განახორციელეს და გიორგი მჭედლიშვილმა ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ხარაზიშვილმა კი გარდასახვით ‘იუნკერები’ დააწინაურა – 24:22.

რამაზმა 70-ე წუთზე ჯარიმით მასპინძელთა უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა, მაგრამ ნახევარფინალში გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. შეხვედრის მიწურულს მოკლე დარტყმების სერიით უკვე ბოლნისელთა ფორვარდებმა შეუტიეს, ‘იუნკერები’ დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდა მეტოქის მიძალების შეკავებას, მერე ჭიჭინაძემ სცადა ხაზის გაგლეჯვა და ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა, ორიოდე ფაზის შემდეგ კი, ანტონ ფეიქრიშვილმა ლელოს გატანა მაინც შეძლო და 78-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. ჯერი თემურ სოხაძეზე მიდგა, რომელმაც არცთუ იოლი გარდასახვა გაიტანა, მერე ‘ყოჩებმა’ მეტოქის ბოლო შეტევა მოიგერია და 29:27 გაიმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე თემურ ჭიჭინაძე გახდა. მისი ‘ყოჩები’ ნახევარფინალურ შეხვედას 29 მაისს, ქუთაისში ‘აიას’ წინააღმდეგ გამართავს.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი