დიდი 10 | იუნკერები 24:36 ყოჩები

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ კიკეთის ‘იუნკერებს’ თვალსასეირო მატჩში ერთით მეტი ლელო გაუტანა და „რაგბი პლატოზე“ 36:24 დაამარცხა.

ბოლნისელებმა დებიუტში ორი ლელო გაიტანეს და 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – მე-4 წუთზე 5-მეტრიან მოლს კობა ტატულაშვილის ლელო მოყვა, მე-8 წუთზე კი კოტე მარჯანიშვილი ლაშა მალაღურაძის ფეხით გადაკიდებულ ბურთს შეყვა და ის ალამთან დაამიწა. მალაღურაძემ ორივე გარდასახა.

ამის შემდეგ ინიციატივას ‘იუნკერები’ დაეუფლა და ტაიმის შუაში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა. ვანო გელაშვილმა (მე-17 წუთი) და გურამ გოგიძემ (24-ე წუთი) ძალისმიერი ლელოები გაიტანეს და თანაც, ორივე ლელოს გაშვებისას ‘ყოჩები’ სინბინით დაისაჯა – 10 წუთით ჯერ ბაჩუკი ჭუმბაძე დაკარგა, მერე გიორგი ტყეშელიაძე. გიორგი ჯღამაიამ ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და სხვაობა 2 ქულამდე დავიდა.

13-კაციანმა ‘ყოჩებმა’ არათუ თავის დაცვა მოახერხა, დერეფნის შემდეგ ხაზზე გაშალა ბურთი და მალაღურაძის საოცარი პასის შემდეგ, ნიკა ბიწაძემ ‘ყოჩების’ უპირატესობა გაზარდა, ლაშამ კი გარდასახა. მალაღურაძემ შესვენებამდე მონაგარი ჯარიმით გაზარდა და ტაიმი 24:12 დასრულდა.

ბოლნისელებმა მეორე ტაიმის დებიუტშიც ორი ლელო გაიტანეს და გამარჯვება პრაქტიკულად გაინაღდეს. განახლდა თუ არა შეხვედრა ‘ყოჩების’ უკანა ხაზმა საკუთარი 22-დან კონტრშეტევა წამოიწყო და ის ნიკოლოზ რეხვიაშვილის ლელოთი დასრულდა. 46-ე წუთზე ‘იუნკერები’ საკუთარ ნახევარზე შეცდა, კონტრშეტევისას ბურთი მარჯვენა ფრთაზე ჩათამაშდა და ლელო შეცვლაზე შესულმა ნიკა ჩხიკვაძემ გაიტანა. მალაღურაძემ გარდასახა.

‘ყოჩებს’ ბონუსის აღების შანსი გაუჩნდა, მაგრამ ‘იუნკერებმა’ ბოლომდე იბრძოლა და ორი ლელოთი უპასუხა. მე-60-ე წუთზე ანტონ ცილიკურმა მოკლე ფრთაზე ჯიქურ შუტია და ის ვერავინ შეაჩერა, გაწითლებულ დროზე კი არჩილ შენგელიამ საკუთარ 22-ში გადაცემა ჩაჭრა, კონტრშეტევა წამოიწყო და ის თენგო სკამკოჩაშვილის ლელოთი დასრულდა, გიორგი ჯღამაიამ გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 36:24 ‘ყოჩების’ სასარგებლოდ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კოტე მარჯანიშვილი გახდა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე