დიდი 10 | იუნკერები 23:22 ლელო-სარასენსი

დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირის მესამე ტურის დასკვნით მატჩში მორიგი დრამა გათამაშდა. კიკეთის ‘იუნკერებმა’ თბილისის ‘ლელო-სარასენსთან’ დასკვნით 10 წუთში 11-ქულიანი ჩამორჩენა „ამოქაჩა“ და 23:22 გაიმარჯვა.

„ავჭალაზე“ თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო. სტუმრები ხშირად ჯარიმდებოდნენ და რეზი ხარაზიშვილმა ანგარიში გახსნა, ტაიმის შუაში კი, ბურთი ფრთებზე კარგად გაშალა და ლაშა საჯაიამ ლამაზი ლელო გაიტანა.

ამის შემდეგ ‘ლელო-სარასენსმა’ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა, პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში მოლი დააყენა და ლევან პაპიძემ ორი ერთნაირი ლელო გაიტანა. დიტო კალანდაძემ მეორე გარდასახა. 68-ე წუთზე კალანდაძემ საკუთარ 22-თან ჩაჭრა ბურთი და კონტრშეტევა წამოიწყო, მერე ფეხით ითამაშა და მცველებს საკუთრ 5-მეტრიანთან დაჯარიმება აიძულა. ჯარიმა ბექა ყორიაულმა სწრაფად გაათამაშა და ძელებსშუა შეხტა, კალანდაძემ კი გარდასახა და 19:8 ‘ლელოს’ სასარგებლოდ.

 

 

‘იუნკერებმა’ ორ წუთში უპასუხა. მასპინძლებმა მაღალ ტემპში ხელით შეუტიეს, გუგა შენგელიამ ოფლოუდის შემდეგ ხაზი გაჭრა და ლამაზი ლელო გაიტანა, რითაც ‘იუნკერები’ თამაშში დააბრუნა. გავიდა 4 წუთი და მასპინძლების კიდევ ერთი ლამაზი და სწრაფი შეტევა ბონდო ლომიძს ლელოთი დასრულდა, რომელიც მეტობაში ფრთაზე დარჩა, ბურთი კი ძელებსუკან დაამიწა და რეზი ხარაზიშვილმაც გარდასახა – 20:19.

თამაში რომ განახლდა უკვე ‘ლელო-სარასენსმა’ შეუტია, მეტოქეს საკუთარ 22-ში დაჯარიმება აიძულა და უკანასკნელ წუთზე ბექა აბულაშვილმა სტუმრებს ლიდერობა დაუბრუნა. მაგრამ მათ ცენტრიდან დარტყმული ბურთი ვერ აიღეს, მერე დაჯარიმდნენ, გამოცდილმა რამაზ ხარაზიშვილმა დარტყმა საკუთარ თავზე აიღო და ‘იუნკერებს’ 23:22 მოაგებინა.

კიკეთელებმა ახალ სეზონში მეორედ ითამაშეს და პირველი გამარჯვება იზეიმეს, ‘ლელო-სარასენსმა’ კი ორივე შეხვედრა დათმო და ორივეჯერ ბონუსი მიიღო. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რამაზ ხარაზიშვილი დაასახელეს.

 

ფოტო: ანი ბერთლანი