დიდი 10 | იუნკერები 20:27 ყაზბეგი

დიდი 10-ის დებიუტანტმა სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ მე-11 ტურში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მათ უშუალო კონკურენტი კიკეთის ‘იუნკერები’ 27:20 დაამარცხეს და ელიტაში ადგილის შენარჩუნების შანსი შეინარჩუნეს.

„ავჭალაზე“ გამართული მატჩის პირველ მეოთხედში გუნდებმა ქულები კარში დარტყმებით აგროვეს – ლუკა მატკავამ 3, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა ერთი ჯარიმა გაიტანა და ‘იუნკერები’ 9:3 დაწინაურდა. მე-20 წუთზე კვირიკაშვილის ფეხით გადაკიდებული ბურთი ნიკა გიგაურმა ცენტრში აიტაცა და კარგად ირბინა, 22-ში შესულმა კი ის ლელოში ლუკა დვალიშვილს შეაყოლა. გარდასახვა არაზუსტი იყო და მასპინძლებმა ლიდერობა შეინარჩუნეს.

მატკავამ 25-ე წუთზე ჯარიმით უპასუხა, 5 წუთში კი ხელდახელ იერიშის შემდეგ ხაზი გაიჭრა და ბონდო ლომიძემ ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და კიკეთელები 17:8 დაწინაურდნენ. მალე მათ სინბინით ანტონ ცილიკური დაკარგეს და რიცხობრივი უპირატესობით ‘ყაზბეგმა’ იქვე ისარგებლა, მოლის შემდეგ ლელო არსენ ტრაპაიძემ გაიტანა და კვირიკაშვილმა გარდასახვით ტაიმის შედეგი დააფიქსირა – 17:15.

მეორე ტაიმის დასაწყისში დიტო კიკნაძემ არეკნით სცადა მასპინძელთა უპირატესობის გაზრდა, მაგრამ 22-იდან ხელდახელ კონტრშეტევა მიიღო, რომელშიც ნახევარმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და ვაჟა მაისურაძემ ლელოთი სტუმრები დააწინაურა. 65-ე წუთზე ბექა გუგეშაშვილის სინბინის შემდეგ ‘ყაზბეგი’ მოედანზე კაცნაკლული დარჩა, თუმცა 4 წუთში გაგა ყენიამ მეტოქეს საკუთარ 22-ში ხელიდან გამოგლიჯა ბურთი და კონტრშეტევა წამოიწყო, მისი ფეხით შეცურებული ბურთი მცველმა ვერ აიღო და გაგამაც ლელო გაიტანა, კვირიკაშვილმა კი გარდასახვით უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა.

‘იუნკერებმა’ მწვავედ შეუტია, ჯარიმა გამოიმუშავა და მატკავამ ჩამორჩენა ერთ გარდასახულ ლელომდე დაიყვანა. მათ მატჩის გადასარჩენად 7-8 წუთი ჰქონდათ, მაგრამ ‘ყაზბეგმა’ შეძლო თავის დაცვა და დიდ 10-ში პირველი გამარჯვების მოპოვება. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გაგა ყენია გახდა, მისმა გუნდმა კი, სამით მეტი ლელოს (4:1) გატანისთვის ბონუსიც აიღო. მცირედი სხვაობით მარცხისთვის ბონუსი კიკეთელებსაც ერგოთ. ‘ყაზბეგი’ ბოლო ადგილზე რჩება, თუმცა უკვე 8 ქულა აქვს და მხოლოდ ორით ჩამორჩება ‘იუნკერებს’.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე