დიდი 10 | იუნკერები 20:26 ლოკომოტივი

თბილისის ‘ლოკომოტივმა’ კიკეთის ‘იუნკერები’ „ავჭალაზე“ 26:20 დაამარცხა და ახალ წელს მოწინავე ექვსეულის სიახლოვეს ხვდება.

მასპინძლებისთვის ეს იყო შანსი, რომ გასავარდნ ზონას დაშორებოდნენ და კონკურენტთან ჩამორჩენა შეემცირებინათ, მაგრამ მხოლოდ ნუგეშის ქულას დასჯერდნენ. შედეგად, ის მე-9 ადგილზეა (9 ქულით) და 6 ქულით უსწრებს ‘ყაზბეგს’. აღსანიშნავია, რომ ‘იუნკერებს’ ერთი გადადებული შეხვედრა აქვს ქუთაისის ‘აიასთან’. ‘ლოკომოტივი’ მე-8 ადგილზეა, თუმცა 20 ქულა აქვს, ისევე როგორც ‘აიას’ და ‘არესს’.

„ავჭალაზე“ გამართული მატჩის პირველ ტაიმში რამაზ ხარაზიშვილმა და ბექა წიკლაურმა თითო ჯარიმა, ხოლო ვახტანგ კავთიძემ არეკნი გაიტანა. მაგრამ მათ 22-ე წუთზე რამაზ ხარაზიშვილი და 25-ეზე დავით აბაშიძე ყვითელი ბარათებით დაკარგეს, ამით ‘იუნკერებმა’ ისარგებლა და მირიან მარგალიტაძის ლელო დავით იმნაძემ გარდასახა 7:9.

მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში ხარაზიშვილმა და იმნაძემ ჯარიმები გაცვალეს. მათ შორის ‘იუნკერებმა’ ყვითელი ბარათით ავთო ნიკოლაძე დაკარგა და ‘ლოკომოტივმა’ მეტობით 56-ე წუთზე ისარგებლა – ფეხით გადაკიდებული ბურთი წიკლაურმა წამოიღო, რამაზ ხარაზიშვილმა ხაზი გაჭრა და ლელოში რეზი ხარაზიშვილს შეაყოლა, რამაზმა კი გარდასახა. 67-ე წუთზე იმნაძემ ჯარიმით სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა, თუმცა ორიოდე წუთში ‘ლოკომოტივმა’ მორიგი 7 ქულა მიითვალა – ამჯერად წიკლაურმა მარჯვენა ფრთაზე შეუტია, ორი მიძალების შემდეგ კი, რეზი ხარაზიშვილმა ლელოში ბურთი წიკლაურს გაატანა და გარდასახვაც ზუსტი იყო – 26:13.

‘იუნკერების’ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და მატჩის მიწურულს ერთი ლელო დაიმსახურა. დიტო კიკნაძემ ძელებსშუა დადებული ლელო არეკნით სასწრაფოდ გარდასახა და სხვაობა კვლავ 6 ქულამდე დავიდა, სათამაშოდ კი დაახლოებით წუთი რჩებოდა, მაგრამ ‘ლოკომოტივმა’ მეტოქეს მეტის საშუალება არ მისცა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ბექა წიკლაური დასახელდა.