დიდი 10 | იუნკერები 20:21 აკადემია

კიკეთის ‘იუნკერებმა’ გაწითლებულ დროზე ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და თბილისის ‘აკადემიამ’ 2020/2021 წლების სეზონის პირველ მატჩში გამარჯვება მოიპოვა – 21:20.

ეს იყო „ა“ ჯგუფის მეორე მატჩი, რომელსაც „ავჭალამ“ უმასპინძლა. გუნდებმა სწრაფი, ხელდახელ რაგბი ითამაშეს და დრამატული სანახაობაც გამოვიდა.

პირველ ტაიმში უპირატესობას ‘აკადემია’ ფლობდა. ისინი სწრაფი შეტევებით იგებდნენ მანძილს და მე-10 წუთზე მიხეილ ახობაძემ ლამაზი ლელოც გაიტანა. ტაიმის შუაში თბილისელებმა კიდევ ერთი ხანგრძლივი, მრავალფაზიანი შეტევა განახორციელეს, მორკინალების დარტყმას ბურთის ხაზზე გატანა მოყვა, სანდრო მარგიანმა ოვალი ფრთაზე ჩაკიდა, საბა ილურიძემ მცველს საჰაერო ორთაბრძოლაში აჯობა და ლელოში შეფრინდა.

დავით მოძღვრიშვილმა მეორე ლელო გარდასახა და 29-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა – 15:0. ტაიმის დასკვნით წუთებში აკადემიელები მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ, ‘იუნკერებმა’ ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა და სერგი ჩხაიძემ ორი საპასუხო ჯარიმა გაიტანა.

 

 

მეორე ტაიმი ‘იუნკერების’ დომინირებით დაიწყო და 20 წუთში შეცვლაზე შესულმა რეზი ხარაზიშვილმა ჯარიმებით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა. მოძღვრიშვილმა ერთი ჯარიმა 1 წუთში გაქვითა, მეორე 77-ეზე და ‘აკადემია’ გამარჯვებას დააახლოვა. მაგრამ ‘იუნკერები’ არ დანებდა. ხარაზიშვილმა საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე შორიდან ჯარიმა გაიტანა და გუნდი ბრძოლაში დააბრუნა. კიკეთელებმა გადამწყვეტი შეტევა თავისი 22-დან წამოიწყეს, საბოლოოდ 22-ში ხაზი გაჭრეს და ორი ოფლოუდის შემდეგ ლევან ძნელაძემ ლელო ალამთან გაიტანა, მაგრამ რეზი ხარაზიშვილმა რთული პოზიციიდან ვერ გარდასახა და ‘აკადემიამ’ 21:20 იმარჯვა, ხოლო ‘იუნკერებს’ ბონუსი შეხვდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘აკადემიას’ ფულბეკი დავით მოძღვრიშვილი გახდა.

 

ფოტო: ია მირიანაშვილი