დიდი 10 | იუნკერები 19:3 ლოკომოტივი

კიკეთის ‘იუნკერებმა’ უშუალო კონკურენტი ‘ლოკომოტივი’ 19:3 დაამარცხა და ზედა ექვსეულში მოხვედრის რეალურ კანდიდატად იქცა.

მე-9 ტურის გადადებული შეხვედრა „ავჭალაზე“ გაიმართა და კიკეთელები 26 ქულით მესამე ადგილზე აღზევდნენ, ‘ლოკომოტივს’ კი 23 ქულა დარჩა. პირველი ეტაპის დასკვნით ტურში ‘იუნკერები’ აუტსაიდერ ‘ვეფხვებს’ ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნება, მაგრამ თუ ვერ გაიმარჯვა, ‘ლოკომოტივს’ შანსი გაუჩნდება.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და რეფერის სამი მასპინძელი და ორი სტუმარი მორაგბის გასინბინება მოუწია. ტემპი იყო საშუალო, ‘იუნკერები’ საკუთარ შესაძლებლობებს უფრო რაციონალურად მიუდგა და ქულები დააგროვა, რამაც სასურველ შედეგამდე მიიყვანა.

ანგარიში რამაზ ხარაზიშვილმა ჯარიმით გახსნა და მას მე-14 წუთზე ჯარიმითვე ბექა წიკლაურმა უპასუხა, თანაც მასპინძლები მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ. მაგრამ მათ ჯარიმის კარში დარტყმა აღარ ისურვეს, მე-20 წუთზე მოლი ააგორეს, მერე ბურთი მარჯვენა ფრთაზე გაშალეს, დიტო კიკნაძე ორ მცველს გაექცა და ლელოში დევი დევსურაშვილი შეუშვა, ხოლო ხარაზიშვილმა გარდასახა – 10:3.

შესვენებამდე ლელოს გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ამით ვერ ისარგებლეს. მეორე ტაიმში ‘იუნკერებმა’ თამაშის სასურველ რიტმში გადაყვანა შეძლო, ხარაზიშვილმა მონაგარს ჯარიმებით კიდევ 9 ქულა შემატა და საკუთარ გუნდს 19:3 მოაგებინა, ‘ლოკომოტივი’ კი უქულოდ დარჩა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘იუნკერების’ შერკინების შემკვრელი გიორგი კურტანიძე გახდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე