დიდი 10 | იუნკერები 14:22 აია

ქუთაისის ‘აიამ’ კიკეთის ‘იუნკერებს’ „შევარდენზე“ 22:14 სძლია და საფლეიოფო ექვსეულისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

ქვეყნის ჩემპიონმა 36 ქულა მოაგროვა და მდევარს უკვე 12 ქულით დაშორდა, რეგულარული გათამაშების დასრულებამდე კი, სულ რაღაც 4-4 თამაში დარჩა. გაუარესდა ‘იუნკერების’ მდგომარეობა, რომელიც კვლავ ბოლო ადგილზეა და ‘ყაზბეგთან’ 1 ქულა აშორებს.

თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო და ბონდო აბაშიძეს სადებიუტო ჯარიმა გაუცუდდა. მე-5 წუთზე გიორგი კურტანიძემ დაახლოებით 25 მეტრიდან, 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტა და მნიშვნელოვანი მანძილი მოიგო, სამი ფაზის შემდეგ კი, იერიში ლელოთი თავად კურტანიძემ დაასრულა. აბაშიძემ გარდასახვა ვერა, თუმცა მე-10 წუთზე ჯარიმა გაიტანა.

‘იუნკერებმა’ შეძლო შეტევაში თამაშის დალაგება და დავით იმნაძემ ორი ჯარიმით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა. 34-ე წუთზე ‘აიამ’ ცენტრიდან სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო და 5-მეტრიანი შერკინება მიიღო, საიდანაც ბურთი ირაკლი სიმსივეზე გავიდა და მანაც ლელო გაიტანა. აბაშიძემ გარდასახა და ქუთაისელებმა ტაიმი 15:6 მოიგეს.

მეორე ტაიმის დებიუტში იმნაძემ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მერე კი ხელსაყრელი პოზიციიდან სამი დარტყმა გაუცუდდა. პირველი დაახლოებით 38 მეტრიდან ჯარიმა იყო, ხოლო მეორე გიორგი შუკაკიძის ლელოს შემდეგ გარდასახვა, მესამე კვლავ ჯარიმა და მასპინძლები მდევრის როლში დარჩნენ (14:15). ‘აიამ’ მეტოქის წნეხს გაუძლო, შეხვედრის მიწურულს ძალისმიერ სტილში ლელო გაიტანა (ლუკა შენგელია), ოთარ ძაგნიძემ კი გარდასახა. კიკეთელებს დამსახურებული ბონუსის მოპოვების შანსი გაწითლებულ დროზე მიეცათ, მაგრამ ის დღე იმნაძის არ იყო, 38 მეტრიდან მისი შესრულებული ჯარიმა მიზანს ასცდა და საფინალო სასტვენიც გაისმა – 14:22.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი კურტანიძე გახდა.

 

ფოტო: თაკო კიკალიშვილი