დიდი 10 | იუნკერები 13:40 ლელო

კიკეთის ‘იუნკერები’ დიდი 10-ის მე-17 ტურში თბილისის ‘ლელოსთან’ 13:40 დამარცხდა, ქულაც ვერ აიღო და რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე დიდ 10-ს დაემშვიდობა.

‘იუნკერებს’ 10 ქულა დარჩა, ‘ყაზბეგს’ 6-ით ჩამორჩება, რისი აღმოფხვრაც ერთ მატჩში შეუძლებელია და მომავალ სეზონს პირველ ლიგაში დაიწყებს, სტეფანწმინდელები კი, ორრაუნდიან გადათამაშებაში პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან ითამაშებენ.

თავის მხრივ, ‘ლელოს’ ბონუსით მოგების შემდეგ 49 ქულა დაუგროვდა, მესამე ადგილზეა და ფლეი ოფში უკეთესი პოზიციიდან გასასვლელად იბრძვის.

ტურში მასპინძელი ‘იუნკერები’ იყო, თუმცა თამაში დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ გაიმართა. თბილისელებმა მატჩის დებიუტში ტრავმით ორი მორაგბე დაკარგეს, თუმცა უპირატესობას მაინც დაეუფლნენ, მე-9 წუთზე მრავალფაზიანი შეტევა წამოიწყეს და გაგა ქევხიშვილმა ლელო გაიტანა. დავით იმნაძემ ჯარიმით მე-16 წუთზე უპასუხა, მალე კი ‘ლელომ’ მეორე ლელო გაუტანა – თანმიმდევრული შეტევის შემდეგ, ამჯერად ხაზი გიორგი ასათიანმა გაჭრა და თავისივე ლელო გარდასახა. იმნაძემ ტაიმის ბოლოს მეორე ჯარიმა გაიტანა – 6:12.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ლელომ’ მოლში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, რასაც ლევან პაპიძის წყვილი ლელო და ასათიანის ზუსტი გარდასახვები მოყვა. ტაიმის შუაში სანდრო სვანიძემ გადაცემა ჩაჭრა და კონტრშეტევაზე ერთი ლელო გაქვითა, ლუკა მატკავამ კი გარდასახა და მატჩის გადარჩენის იმედი გაჩნდა, მაგრამ ‘იუნკერებმა’ დასკვნით წუთებში ორი ლელო თავად მიიღო.

66-ე წუთზე დიტო კალანდაძემ თავის 5-მეტრიანში ჩაჭრა გადაცემა და 95-მეტრიანი კონტრშეტევა ლელოთი დაასრულა, ხოლო 75-ე წუთზე ‘ იუნკერებმა’ 22-ში დაკარგა ბურთი და ორი პასის შემდეგ ლელო გიორგი მარგალიტაძემ გაიტანა, ხოლო გოგიტა რიკაძემ გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 40:13. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯაბა სიხარულიძე გახდა.