დიდი 10-ის მეორე ტურში ორი მატჩი გადაიდო

დიდი 10-ის ორი და პირველი ლიგის ერთი კლუბის თითო-თითო მორაგბეს COVID-19 დაუდგინდა, რის გამოც ამ კვირაში გასამართი სამი თამაში გადაიდო.

გადადებულია დიდი 10-ის „ა“ ჯგუფის მეორე ტურის ორი შეხვედრა – ‘ხარებს’ რუსთავში კიკეთის ‘იუნკერებისთვის’ 16 ოქტომბერს, ხოლო ‘ლელო-სარასენსს’ ‘ლოკომოტივისთვის’ 18 ოქტომბერს უნდა ემასპინძლა; ასევე გადაიდო პირველი ლიგის მესამე ტურის მატჩი ‘დევებსა’ და ‘ყაზბეგს’ შორის, რომელიც ასევე 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.

„ამის საშიშროება ბოლო  რვა თვის განმავლობაში სულ იყო. საფრანგეთში ტური არ არის, რომ ორი თამაში არ გადაიდოს და სამწუხაროდ, ვერც ჩვენ ავიცილეთ საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გუნდში არსებობს კოვიდ-მენეჯერი, რომელთაც სამჯერ ონლაინ და ორჯერ პირისპირ ჰქონდათ სემინარი, ვირუსის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. სამი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს – ‘ლოკომოტივში’, ‘იუნკერებში’ და ‘დევებში’.

„რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია COVID-19-ის პრევენციული ზომები, რომლის თანახმადაც, გუნდში ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, ეს გუნდი ტოვებს მომდევნო კალენდარულ მატჩს, რომელიც გაიმართება პირველსავე უქმეებზე, როგორც კი კალენდარში „ფანჯარა“ გამოჩნდება. გუნდი გადადის კარანტინში, ან თვითიზოლაციაში და აქვს უფლება გააგრძელოს ვარჯიში მცირე ჯგუფებად. თუ 12 დღის გასვლის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრება, ის ორი კვირის შემდეგ ითამაშებს“.

„მოვუწოდებთ ყველას, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები. ამ სიტუაციაში კოვიდ-მენეჯერბს უფრო მნიშვნელოვანი მოვალეობა აკისრიათ, ვიდრე გუნდების მთავარ მწვრთნელებს და ორშაბათს მათთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რათა მაქსიმალურად დავიცვათ თავი“.

„მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ მატჩის გადადების საკითხი განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გუნდი წარადგენს დადასტურებულ საბუთს, რომ ამა თუ იმ მოთამაშეს ვირუსი დაუდასტურდა. სატელეფონი ზარის, ან სხვა შემთხვევაში, საკითხი არც კი განიხილება“ – განაცხადა რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა.

„იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელების რისკი შევამციროთ, მნიშვნელოვანია ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები და წესები. სწორედ ამ წესების შესაბამისად ვიმოქმედეთ და სამ გუნდს თვითიზოლაციაში მოუწია გასვლა. გუნდებს ეძლევათ მცირე ჯგუფებად ვარჯიშის შესაძლებლობა, რათა 12-დღიანი საკარანტინე ვადის გასვლის შემდეგ, სწრაფად შეძლონ ფორმაში დაბრუნება და პირველსავე თამაშზე თავიდან ავირიდოთ გაუთვალისწინებელი ტრავმები. თუ მცირე ჯგუფიდან რომელიმეში გამოვლინდება სიმპტომი, კარანტინში მცირე ჯგუფს მოუწევს გასვლა და არა მთელ გუნდს“.

„ჩვენი მოვალეობაა, რომ მაქსიმალურად მოვიძიოთ კონტაქტები მოწინააღმდეგე გუნდში, ვისაც ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან. მათ ვაძლევთ 12-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციას, რათა მთელ გუნდს არ მოუწიოს კარანტინში წასვლა და სწრაფად მოხდეს ჯაჭვის გაწყვეტა. ორშაბათს კიდევ ერთხელ შევხდებით კლუბების კოვიდ-მენეჯერებს, რათა მათ ავუხსნათ რა რისკის ქვეშ ვდგავართ“ – ამბობს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსი ბესიკ ჩადუნელი.