დიდი 10-ის დიდი ფინალი – შემადგენლობები, მწვრთნელთა მოლოდინები და სტატისტიკა

ხვალ საღამოს „დინამო არენაზე“ დიდი 10-ის 2021/2022 წლების გამარჯვებული გამოვლინდება. შეხვედრა, რომელშიც ‘ბათუმი’ და ბოლნისის ‘ყოჩები’ მეოთხედ შეეცდებიან თასის შემართვას 20 საათზე დაიწყება.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ფინალში ორი უძლიერესი გუნდი ითამაშებს. რეგულარული გათამაშება ‘ბათუმმა’ პირველ ადგილზე დაასრულა, ‘ყოჩები’ კი მეორე იყო, თუმცა სწორედ ბოლნისელებმა აგემეს ზღვისპირელებს სეზონის ერთადერთი მარცხი (26:20) და რომ არა გაწითლებულ დროზე უწყინარ სიტუაციაში დაშვებული ბავშვური შეცდომა, მეორე თამაშსაც მოიგებდა, ასე კი ‘ბათუმმა’ 38:34 იმარჯვა.

შესარჩევ ფინალში, რომელიც ‘ბათუმში’ გაიმართა, ‘ყოჩების’ ფულბეკი ნიკა ბიწაძე წითელი ბარათით მე-9 წუთზე დაისაჯა, თუმცა კაცნაკლულმა ბოლნისელებმა ბოლომდე იმარჯვეს და მასპინძლებმა მხოლოდ დასკვნით წუთებში გატანილი ჯარიმების ხარჯზე შეძლეს გამარჯვების დაბევება – 16:7. ეს ყველაფერი კი იმის წინაპირობას იძლევა, რომ ხვალ „დინამოზე“ მისული ქომაგი საინტერესო სანახაობის მომსწრე გახდება.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ფინალში მარცხის შემდეგ, ‘ყოჩებმა’ წინასწარ ფინალში რუსთავის ‘ხარებს’ 33:32 სძლია და ‘ბათუმთან’ რევანშის შანსი შეინარჩუნა.

ვინ რას ელის

მომავალ თამაშში ‘ბათუმს’ ტრავმის გამო გიორგი წიკლაური დააკლდება. ტრავმა აქვს ‘ყოჩების’ მეორეხაზელს ამირან მიქაძესაც, ხოლო ნიკა ბიწაძე და ლევან გოგოლაშვილი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ტოვებენ. პირველს ‘ბათუმთან’ მიღებული წითელი ბარათი 3-მატჩიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა, ხოლო მეორემ წითელი ბარათი ‘ხარებთან’ მიიღო და 4 თამაშის გამოტოვება მოუწევს.

დღეს გუნდებმა „დინამო არენაზე“ კაპიტნის ვარჯიშები გამართეს, მთავარმა მწვრთნელებმა კი მოლოდინებზე ისაუბრეს:

ვიქტორ დიდებულიძე (ბოლნისის ‘ყოჩები’): „ხანგრძლივი პაუზის შემდეგ (15 წელი) ბოლნისის ‘ყოჩები’ ფინალში დაბრუნდა, რაც უდაოდ სასიხარულოა. ბიჭები მოტივირებული და თავდაჯერებულები არიან. მზადებამ ნორმალურად ჩაიარა და კარგი, სანახაობრივი თამაშის მოლოდინში ვარ. დისკვალიფიკაციისა და ტრავმის გამო სამი მოთამაშე დაგვაკლდება, თუმცა ეს არ გვაშინებს და დიდი შემართებით ველოდებით ხვალინდელ თამაშს. შესარჩევი ფინალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო წავაგეთ და ახლა ვეცდებით ჩვენი უპირატესობა დავამტკიცოთ“.

„ფსიქოლოგიურად კარგად ვართ, რადგან რეგულარულ გათამაშებაში ერთადერთი ჩვენ შევძელით მისი დამარცხება და მეორე თამაშსაც მოვიგებდით, რომ არა გაწითლებულ დროზე მარტივ სიტუაციაში დაშვებული შეცდომა. ზოგადად ესე ჩამოყალიბდა, რომ ‘ყოჩებს’ სუსტ გუნდებთან უფრო უჭირს განწყობის შექმნა, ვიდრე ძლიერებთან, რაზეც მომავალი სეზონისთვის ვიმუშავებთ“.

„მოხარული ვარ 17 წლის შემდეგ ფინალი „დინამო არენაზე“ რომ შედგება, რადგან ამ სტადიონთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. იქ არაერთხელ მითამაშია და არასდროს დავმარცხებულვარ. 2003 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ შეხვედრაში სწორედ „დინამოზე“ დავამარცხეთ რუსეთი და აქედან დაიწყო ქართული რაგბის წინსვლა. ქვეყნის ცენტრალურ არენაზე თამაშით გაათმაგებულია მოთამაშეთა მოტივაციაც. შემადგენლობაში გვყავს გამოცდილი მოთამაშეები, რომლებისთვისაც ეს სტადიონი უცხო არაა და გვყავს ახალგაზრდები, რომლებისთვისაც „დინამოზე“ თამაში დიდი პატივია. გვაქვს მოლოდინი, რომ სტადიონზე მრავლად იქნება როგორც ორივე გუნდის, ასევე ნეიტრალური გულშემატკივარი. მთავარია, რომ კარგი სანახაობრივი თამაში ვაჩვენოთ და დაე უძლიერესმა გაიმარჯვოს“.

ირაკლი ნინიძე (‘ბათუმი’): „ფინალს კარგი განწყობით ველოდებით. გავიარეთ 5-დღიანი შეკრება და მომზადებულები ვართ. ფინალი გამორჩეულია და დაძაბული, მძიმე თამაშის მოლოდინი გვაქვს. შემადგენლობის მხრივ პრობლემა არ გვაქვს და ვეცდებით მაყურებელს კარგი თამაში ვაჩვენოთ“.

„როგორც ვიცით ბათუმიდან გულშემატკივარი 6 ავტობუსით მოდის. გარდა ამისა, მოდიან ჩვენი კლუბის ბავშვები და სხვადასხვა თაობის მორაგბეები. ფინალის „დინამო არენაზე“ დანიშვნამ ბიჭების განწყობაზე დადებითად იმოქმედა. დარწმუნებული ვარ კვირას კარგი, საზეიმო განწყობა იქნება“.

„მეტოქე კარგი გუნდია და რთულ თამაშს ველით. რეგულარულ გათამაშებაში მათ პრაქტიკულად ორჯერ მოგვიგეს. ტაქტიკურად ორივემ ვიცით ერთმანეთის თამაში. ‘ყოჩები’ ხშირად თამაშობს ფეხით, რითაც პრობლემებს გვიქმნიდა და ვეცდებით ეს ფაქტორი გავითვალისწინოთ. მთავარია ემოციები დავძლიოთ, დანარჩენს კი ხვალინდელი დღე გვიჩვენებს“.

ფინალამდე სტატისტიკა

მიმდინარე სეზონის ინდივიდუალურ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საუკეთესო მექულეთა დავაში 201 ქულით პირველ ადგილზე მამუკა ნინიძეა (ბათუმი). მას 24 ქულით ჩამორჩება და მესამე პოზიციაზეა ‘ყოჩების’ მგეზავი ლაშა მალაღურაძე (177).

მელელოვეთა შორის სხვა ორ მოთამაშესთან ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს ‘ბათუმის’ ფრთა ანზორ სიჭინავა. 9 ლელო აქვს გატანილი ბათუმელთა შუამარბს ზურაბ ძნელაძეს, ხოლო 8 ლელოა კვაჭ გიორგი მენაბდის და 7 კიდევ ერთი კვაჭის, ბექა მამრიკიშვილის ანგარიშზე. ‘ყოჩების’ მხრიდან ყველაზე მეტი – 8 ლელო ფრთა კოტე მარჯანიშვილმა გაიტანა, ხოლო 7 მეორეხაზელმა ლაშა ფოფხაძემ.

ბათუმელი მორაგბეები ლიდერობენ ფინალში თამაშის მაჩვენებლებითაც. მამუკა ნინიძესთვის ეს რიგით მე-8 ფინალი იქნება (2009, 2019, 2021, 2022 – ბათუმი; 2011, 2013 და 2014 – არმია; 2017 – ჯიქი). ფინალში მეშვიდედაა სანდრო ქოიავა (2013, 2014, 2015, 2016 – ლელო; 2019, 2021 და 2022 – ბათუმი), ხოლო დაჩი კოპაძე მეექვსედ ითამაშებს (2014, 2015, 2016 – ლელო; 2018 – ლოკომოტივი; 2021, 2022 – ბათუმი).

მეხუთედაა ფინალში ‘ყოჩების’ კვაჭი ლევან გენებაშვილი (2007 და 2022 – ყოჩები; 2008, 2010 და 2016 ლოკომოტივი). ასევე მეხუთე ფინალს თამაშობენ ბათუმელები – ხვიჩა ბუჯიაშვილი (2011 და 2013 – არმია; 2019, 2021 და 2022 – ბათუმი) და ზურაბ ძნელაძე (2015 და 2016 – ლოკომოტივი; 2018 და 2021 – აია; 2022 – ბათუმი).

ფინალში მეოთხედ ითამაშებენ ‘ყოჩების’ მეორეხაზელი ლაშა ფოფხაძე (2015, 2016, 2018 – ლოკომოტივი; 2022 – ყოჩები), ‘ბათუმის’ მესამეხაზელი ვანო ფუტკარაძე (2017, 2019, 2021 და 2022 – ბათუმი) და ფრთა ნიკა ნინიძე (2017, 2019, 2021 და 2022 – ბათუმი).

ზღვისპირელთა 5 და ბოლნისელთა ორი მორაგბისთვის ეს მესამე ფინალი იქნება, ხოლო ‘ყოჩების’ სამი და ‘ბათუმის’ 6 მორაგბე ფინალში მეორედ არიან.

2021/2022 წლების დიდი 10-ის ფინალი (XXXII გათამაშება)
თბილისი. „დინამო არენა“. 20:00
ბათუმი (ბათუმი) – ყოჩები (ბოლნისი)

ბათუმი: 15. მამუკა ნინიძე, 14. ანზორ სიჭინავა, 13. ზურა ძნელაძე, 12. ბექა ურჯუკაშვილი (კაპ.), 11. ნიკა ნინიძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. კობა ბუჯიაშვილი; 1. ალეკო შამილიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. კობა ჯიმშელეიშვილი, 5. სანდრო ქოიავა, 6. ვანო ფუტკარაძე, 7. საბა შუბითიძე, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი მენაბდე, 17. ვაჟა თაგაური, 18. მურმან ჯიჯავაძე, 19. დაჩი კოპაძე, 20. გუგა შენგელია; 21. არჩილ თურმანიძე, 22. ბაჩი გრიგოლია, 23. ვიტალი ირემაძე.

ყოჩები: 15. ნიკოლოზ რეხვიაშვილი, 14. ირაკლი გეგენავა (კაპ.), 13. თემურ ჭიჭინაძე, 12. სერგი ჩხაიძე, 11. კოტე მარჯანიშვილი, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ნიკოლოზ კუპრაშვილი; 1. იროდიონ ქუცნიაშვილი, 2. ლაშა საჯაია, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. ლაშა ფოფხაძე, 5. მიხეილ არჩუაშვილი, 6. აკაკი მარშანია, 7. გიორგი ტყემალაძე, 8. გიორგი მჭედლიშვილი.

მარქაფა: 16. ლევან გენებაშვილი, 17. სანდრო ქიტუაშვილი, 18. გიორგი ხოსიტაშვილი, 19. კობა ტატულაშვილი, 20. ნიკა ჩხიკვაძე; 21. შავლეგ მახარაშვილი, 22. თემურ სოხაძე, 23. რანი ფხალაძე.