დიდი 10 | ვეფხვები 13:28 ხარები

რუსთავის ‘ხარებმა’ მე-4 ტურის გადადებულ მატჩში პატარძეულის ‘ვეფხვები’ დაგეგმილი ბონუსით, 28:13 დაამარცხა და „ა“ ჯგუფის მოწინავე სამეულში შესვლის შანსი დაიბრუნა.

„შევარდენზე“ გამართული მატჩი ნომინალური მასპინძლების, ‘ვეფხვების’ შეტევებით დაიწყო, მაგრამ სტუმრებმა თავი დაიცვეს. 15 წუთის შემდეგ ‘ხარები’ პირველად გადავიდა მეტოქის ნახევარზე და 22-ში შესულმა ბურთი დაკარგა, თუმცა პატარძეულელები გადაცემისას შეცდნენ და ლელოში შესული ბურთი გიორგი ბასილაიამ დაამიწა. 25-ე წუთზე ბაქარ ზედგინიძეზე ბოჭვა გაფუჭდა და ის ლელოში მარჯვენა ფრთიდან შევიდა.

ვაჟა ხუციშვილმა ორივე ლელო გარდასახა, პატარძეულმა კი ლელოებს ნიკა ბეჟუაშვილის ჯარიმებით უპასუხა. ტაიმის მიწურულს ჟორა მღებრიშვილმა 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია თავისი პირველი, ხოლო სტუმრების მესამე ლელო გაიტანა. ხუციშვილი კვლავ ზუსტი იყო – 6:21.

მეორე ტაიმი ‘ვეფხვებისთვის’ იდეალურად დაიწყო. ბეჟუაშვილმა მეტოქის 22-ში გაჭრა ხაზი და რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ბიძინა სამხარაძემ ლელო ძელებსშუა დაამიწა, ხოლო ბეჟუაშვილმა გარდასახა. ამის შემდეგ მასპინძლები მთელი 20 წუთი ინიციატივას ფლობდნენ, მაგრამ ქულა ვერ აიღეს.

ნელ-ნელა თამაშის სადავეებს სტუმრები დაეუფლნენ, გაწითლებულ დროზე მღებრიშვილმა 5-მეტრიანი შერკინებიდან ერთხელაც შეუტია და დუბლი გაიფორმა, ხუციშვილმა კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 13:28.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ვეფხვების’ 9 ნომერი ბიძინა სამხარაძე გახდა.

‘ხარებისთვის’ ეს ამ სეზონში მეორე გამარჯვება იყო და 5 თამაშიდან 11 ქულით, კვლავ მე-5 ადგილზე არიან. თუმცა მათ რჩებათ ერთი გამოტოვებული შეხვედრა ‘ლოკომოტივთან’, რომელსაც 12 ქულა აქვს, ხოლო მესამე ადგილზე 16 ქულით ‘ლელო-სარასენსია’. ‘ვეფხვებს’ მხოლოდ ერთი მოგება და ზედიზედ ხუთი მარცხი აქვს. ის 4 ქულით ბოლო ადგილზეა და ზედა სამეულში პრაქტიკულად ვეღარ მოხვდება.

შეგახსენებთ, დიდი 10-ის 12-გუნდიან გარდამავალ სეზონში, პირველ ეტაპზე 6-6 გუნდი ორ ჯგუფადაა გაყოფილი. თითოეული ჯგუფის სამ-სამი მოწინავე ჩემპიონობისთვის აგრძელებს ბრძოლას, ხოლო ქვედა სამეულები უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძოლებენ.