დიდი 10 | გადადებული მატჩები

რადგან 1 ნოემბერს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა აღარ გაიმართება, კალენდარში თავისუფალი კვირა გამოჩნდა და 1 და 2 ნოემბერს დიდი 10-ის გარდამავალი ჩემპიონატის სამივე გადადებული შეხვედრა ჩატარდება.

კოვიდ-ინფექციის დაფიქსირების გამო, „ა“ ჯგუფის მეორე ტურის ორი შეხვედრა გადაიდო და 1 ნოემბერს ორივე გაიმართება. 16 საათზე, დედაქალაქურ დერბიში ‘ლელო-სარასენსი’ ‘ლოკომოტივს’ „ლელო-არენაზე“ მასპინძლობს.

გასული, შეწყვეტილი სეზონის ჩაგდების შემდეგ, „ლოკომოტივმა“ ამ ზაფხულს რამდენიმე ლიდერი დაიბრუნა და სეზონის სტარტზე ორივე მატჩი მოიგო. „რკინიგზელებმა“ ჯერ რუსთავის ‘ხარები’ დაამარცხეს, მერე პატარძეულის ‘ვეფხვები’ და ბონუსიც აიღეს. ‘ლელო-სარასენსი’ ორივე მატჩში გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ ქულები გაწითლებულ დროზე მიიღო და ორივეჯერ ბონუსს დასჯერდა.

18 საათზე რუსთავში იწყება ჯგუფის მეორე გადადებული შეხვედრა, რომელშიც ‘ხარები’ ‘იუნკერებს’ მასპინძლობს. რუსთაველებმა ორივე თამაში დათმეს და მხოლოდ ერთი ბონუსი აიღეს. ‘იუნკერებმა’ ბონუსი აიღო ჯგუფის ლიდერ ‘აკადემიასთან’, გასულ ტურში კი ‘ლელოს’ დრამატულ მატჩში სძლია და ახლა წარმატების განვრცობას ეცდება.

2 ნოემბერს 16 საათზე, გორში „ბ“ ჯგუფის წარმომადგენლები, ადგილობრივი ‘ჯიქი’ და ქუთაისის ‘აია’ ითამაშებენ. ეს მესამე ტურის გადადებული შეხვედრაა. გორელებმა პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ქუთაისში ‘არესს’ 17-ქულიანი ჩამორჩენა 15 წუთში გაუბათილეს და 2 ქულა წამოიღეს. ‘აიამ’ ორივე თამაში დამაჯერებლად მოიგო, აქედან ერთი ბონუსით და ჯგუფის ლიდერია.