დიდი 10 | „ბ“ ჯგუფის სამივე თამაში გადაიდო

დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირის მეორე და მესამე ტურის გადადებული შეხვედრები ახლახანს გაიმართა, მაგრამ კოვიდ-ინფექციამ კიდევ სამ გუნდში შეაღწია და „ბ“ ჯგუფის მე-4 ტური სრულად გადაიდო.

Covid19 დადასტურდა ‘ბათუმში’, მარნეულის ‘არმაზსა’ და ქუთაისის ‘არესში’. შედეგად, გადაიდო 6 ნოემბერს გასამართი ‘არმაზი – ‘ყოჩები’, ასევე ‘ბათუმი’ – ‘ჯიქი’ და ‘არესი’ – ‘აია’, რომლებიც 7 ნოემბერს იყო ჩანიშნული.

ეს თამაშები გაიმართება პირველივე თავისუფალ კვირაში, როცა მორაგბეები ვირუსისგან განიკურნებიან. რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსის, ბესიკ ჩადუნელისგანცხადებით, არცერთ ლიგაში, ჩემპიონატის შეჩერების საკითხი არ განიხილება:

„გუნდები, რომლებსაც ადრე დაუდასტურდათ Covid19, უკვე დაუბრუნდნენ ჩვეულ კალენდარს, თუმცა სამ გუნდში გვაქვს ახალი შემთხვევები და ამის გამო სამი თამაში გადაიდო. თუ სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება რეგულაციები, თამაშები ყველა დონეზე გაგრძელდება. მოთამაშეებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ კონტაქტი არასავარჯიშო და არასათამაშო პირობებში და დაიცვან რეგულაციები, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება“.