დიდი 10 ბრუნდება | მე-12 ტური

დიდი 10-ის ზამთრის შესვენება დასასრულს უახლოვდება და მიმდინარე კვირაში 2019/2020 წლების გათამაშება მე-12 ტურის შეხვედრებით განახლდება.

წლის პირველი მატჩი პარასკევს, 14 თებერვალს 16 საათზე, ავჭალაში გაიმართება. ერთმანეთს აუტსაიდერები, კიკეთის ‘იუნკერები’ და ბოლნისის ‘ყოჩები’ სატურნირო ცხრილის ფსკერიდან თავის დასაღწევად ერკინებიან. 11 ტურის შემდეგ მასპინძლები 15 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე არიან, ხოლო სტუმრები 13 ქულით ბოლო საფეხურზე არიან.

დებიუტანტმა ‘იუნკერებმა’ პირველი წრე ძალიან კარგად ჩაატარა, ორი შეხვედრა მოიგო, აქედან ერთში მომავალი მეტოქე ‘ყოჩები’ 22:19 დაამარცხა, ხოლო ერთ-ერთ ლიდერს რუსთავის ‘ხარებს’ 30:28 სძლია. მათ პირველი წრის დანარჩენი 7 მატჩი მცირე სხვაობით დათმეს და 7 ბონუს-ქულა აიღეს, ბოლო ორი მატჩი კი დიდი სხვაობებით დათმეს.

სეზონი კარგად დაიწყო დიდ 10-ში დაბრუნებულმა ‘ყოჩებმა’ და პირველსავე ტურში ‘ხარებს’ 30:25 სძლია, მერე კი მოქმედ ჩემპიონ ‘ბათუმს’ სტუმრად დაუზავდა – 13:13. ბოლნისელებმა კიდევ ორი მატჩი დაასრულეს ფრედ – ‘ლელო-სარასენსთან’ 24:24 და ‘აიასთან’ 12:12, გამარჯვებით კი აგერ უკვე 10 ტურია არ გაუხარია.

ამ უსიამოვნო სერიის დასარღვევად ბოლნისელებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მნიშვნელოვანი შევსება მიიღეს. საფრანგეთში სამედიცინო ჯოკრად აღარ მიდის და გუნდში რჩება ბორჯღალოსანი კვაჭი შალვა მამუკაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ნაკრებს ორი ლელო გაუტანა. ჯამში მის ანგარიშზე 74 კეპი და 11 სანაკრებო ლელოა. მამუკაშვილმა 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასზე ითამაშა.

ზამთრის პერიოდში გუნდმა კიდევ ერთი ბორჯღალოსანი, 32 წლის ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი დაიმატა. მას ‘კასტრში, ‘ბრივში’ და ‘კარდიფში’ უთამაშია, მიმდინარე სეზონი კი ასევე საფრენგეთში, ‘აჟენში’ სამედიცინო ჯოკრად დაიწყო. ფეიქრიშვილს 27 კეპი აქვს მოხვეჭილი და 7 ლელო გაიტანა, ითამაშა 2015 წლის მსოფლიო თასზე, ხოლო 2018 წელს კი, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ „ბარბაროსების“ შემადგენლობაში ითამაშა.

საფრანგეთიდან, კერძოდ ‘ორიაკის’ ესპუარებიდან დაბრუნდა ფულბეკი თეიმურაზ ჭიჭინაძე, რომელმაც უმცროსი ბორჯღალოსნების კვართით ორჯერ ითამაშა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში და წელს ამ ტურნირზე მესამედ წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს.

ბათუმი – აკადემია

დიდი 10-ის მე-12 ტური შაბათს, 15 თებერვალს ორი მატჩით განახლდება. 14 საათზე ქვეყნის ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი ‘ბათუმი’, ერთ-ერთ მდევარ თბილისის ‘აკადემიას’ უმასპინძლებს. განვლილი 11 შეხვედრიდან ორივემ 7-7 მოიგო, თუმცა ზღვისპირელებმა 2-ით მეტი ბონუს ქულა აიღეს, ერთით მეტი ფრე ითამაშეს და 37 ქულით პირველ ადგილზე არიან, ხოლო „მხატვრებს“ 4 ქულით ნაკლები აქვთ და მე-4 პოზიციას იკავებენ.

განვლილი 11 მატჩიდან ‘ბათუმმა’ მხოლოდ ორი დათმო და ერთი მომავალ მეტოქესთან. ‘აკადემიამ’ საქართველოს ჩემპიონს მესამე ტურში უმასპინძლა და 19:13 სძლია. ზღვისპირელებმა მეორე შეხვედრა პირველი წრის ბოლოს, ‘ხარებთან’ დათმეს. ‘ბათუმმა’ ფრედ ორი თამაში დაასრულა, ერთი ‘ყოჩებთან’ და ერთი ქუთაისის ‘აიასთან. აღსანიშნავია, რომ ორივე ფრე ბათუმში დაფიქსირდა.

‘აკადემიამ’ მხოლოდ 3 თამაში დათმო. მეორე ტურში „მხატვრებს“ ‘ხარებმა’ მოუგო, მე-6 და მე-7 ტურში კი, შესაბამისად, ‘ჯიქმა’ და ‘ლელო-სარასენსმა’. მას შემდეგ თბილისელებს 4-მატჩიანი წაუგებელი სერია მოუგროვდათ. მათ ჯერ მიჯრით სამი შეხვედრა მოიგეს, ხოლო ზამთრის შესვენების წინ ‘ხარებს’ დაუზავდნენ.

არმაზი – ლელო-სარასენსი

15 თებერვალს, 16 საათზე, „შევარდენზე“ მარნეულის ‘არმაზისა’ და თბილისის ‘ლელო-სარასენსის’ მატჩი იწყება. გუნდებს განსხვავებული მიზნები აქვთ. ‘არმაზს’ 3 მოგებით, ერთი ფრით და 7 მარცხით 15 ქულა აქვს, ორ გუნდს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს და მე-7 ადგილზეა. ‘ლელო-სარასენსს’ პირიქით, 7 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხი აქვს, ჯამში 35 ქულით რუსთავის ‘ხარებთან’ მეორე-მესამე ადგილებს იყოფს და ლიდერს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

მარნეულელებს სატურნირო ცხრილში თავისზე უკან მყოფ გუნდებთან თამაში არ წაუგიათ: ‘იუნკერები’ და ‘ყოჩები’ შესაბამისად, 18:15 და 18:8 დაამარცხა, ხოლო ‘ლოკომოტივს’ 18:18 დაუზავდა. კიდევ ერთი თამაში ‘არმაზმა’ ‘ჯიქთან’ მოიგო – 20:14. საგულისხმოა, რომ გუნდმა ყველა ის თამაში წააგო, სადაც 18-ზე ნაკლები ქულა მოიპოვა.

‘ლელო-სარასენსმა’ სამივე თამაში პირველ ხუთ ტურში წააგო, მას შემდეგ კი 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. თბილისელები მე-6 ტურში ‘ყოჩებს’ 24:24 ეთამაშნენ, რის შემდეგაც ზედიზედ ხუთი შეხვედრა მოიგეს. პირველ წრეში ‘ლელომ’ ‘არმაზი’ 36:16 დაამარცხა და ბონუსიც აიღო.

მარნეულელებმა ზამთრის პერიოდში ბურჯი გუგა (გიორგი) წვერავა დაიმატეს, რომელიც ამერიკის ჩემპიონ ‘გლენდეილში’, საფრანგეთის ფედერალ1-სა და რუმინეთში თამაშობდა, ახლა კი სამშობლოში დაბრუნდა.

ხარები – ჯიქი

ტური 16 თებერვალს რუსთავში განახლდება, სადაც ადგილობრივი ‘ხარები’ 14 საათზე გორის ‘ჯიქს’ მასპინძლობს. ორივე გუნდს 7-7 მოგება აქვს, თუმცა მომავალმა მასპინძლებმა ერთი მატჩი ფრედ დაასრულეს და 5 ბონუს-ქულაც მიიღეს, მაშინ, როდესაც ‘ჯიქმა’ 4 წაგებული შეხვედრიდან მხოლოდ ერთი ბონუსი მიიღო. შედეგად, ‘ხარები’ სეზონის განახლებას 35 ქულით მეორე ადგილზე ხვდება, ხოლო ‘ჯიქი’ 29 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და მდევარს მთელი 14 ქულით უსწრებს.

პირველ წრეში ამ გუნდებმა გორში ითამაშეს და ‘ხარებმა’ მეტოქე იოლად, 45:16 დაამარცხა, რისთვისაც ბონუსიც მიიღო. აღსანიშნავია, რომ გორელებმა სეზონის სტარტზე ზედიზედ სამი მარცხი განიცადეს, თუმცა მერე თამაში დაალაგეს და 8-იდან ერთადერთი მატჩი მე-8 ტურში, ‘ლელო-სარასენსთან’ დათმეს.

როგორც წესი, ‘ხარები’ ძლიერ მეტოქეებთან უფრო წარმატებით თამაშობს, ვიდრე აუტსაიდერებთან. რუსთაველებმა სამივე შეხვედრა ქვედა ოთხეულის გუნდებთან წააგეს – პირველ წრეში დამარცხდნენ ‘ყოჩებთან’, ‘ლოკომოტივთან’ და ‘იუნკერებთან’, შესვენების წინ კი, ‘აკადემიასთან ფრედ ითამაშეს და პირველი ადგილი დაკარგეს.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ‘ჯიქმა’ ორი ყოფილი ლეგიონერი – ‘კემბრიჯიდან’ რამაზ რუხაძე და საფრანგეთიდან ბერდია გიგაშვილი, ხოლო ‘ხარებმა’ რუმინეთიდან, ‘გლორია ბუზაუდან’ ცოტნე დარჩია დაიბრუნა.

ლოკომოტივი – აია

 

ტური 16 დეკემბერს, 16 საათზე თბილისის ‘ლოკომოტივისა’ და ქუთაისის ‘აიას’ შეხვედრით დასრულდება, რომელსაც „ავჭალა“ უმასპინძლებს. მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი არასტაბილურ თამაშს აჩვენებს.

რკინიგზელებმა განვლილი 11 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს, ერთხელ აიღეს მცირედით წაგების ბონუსი და 15 ქულით მე-8 ადგილზე არიან. მათ მცირედით, 17:16 დაამარცხეს ‘იუნკერები’ და 32:31 ‘ყოჩები’, რუსთავში 21:17 ძლიეს ადგილობრივ ‘ხარებს’ და დაუზავდნენ ‘არმაზს’ – 18:18.

‘აიამ’ სეზონის სტარტზე ზედიზედ ოთხი თამაში მოიგო, მომდევნო ექვსი მატჩიდან ოთხი წააგო და ორი ფრედ დაასრულა, ბოლოს კი წარუმარებელი სერია ‘იუნკერების’ დამარცხებით შეწყვიტა – 46:3. პირველ წრეში, კარგ ფორმაში მყოფმა ქუთაისელებმა ‘ლოკომოტივს’ მე-3 ტურში უმასპინძლეს და ბონუსით, 57:12 იმარჯვეს.