დიდი 10 | ბრინჯაოსთვის „რაგბი პლატოზე“

ხვალ, 11 ივნისს 17 საათზე, „რაგბი პლატოზე“ თბილისის ‘აკადემია’ და ბოლნისის ‘ყოჩები’ დიდი 10-ის 2020/2021 წლების სეზონის ბრინჯაოს მედლებისთვის შეიბმებიან.

ნომინალური მასპინძელი ‘აკადემიაა’, რომელმაც რეგულარული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა, ხოლო ‘ყოჩები’ მეხუთე საფეხურზე გავიდა.

‘აკადემიამ’ სეზონი კარგად დაიწყო და პირველი 7 მატჩიდან 6 მოიგო, თუმცა ბოლო სამში დამარცხდა და ‘იუნკერების’ კვალდაკვალ, მეორე ადგილზე გავიდა. ამ პერიოდში 5 გამარჯვება იზეიმა, 4 შეხვედრაში დამარცხდა და ერთი ფრედ დაასრულა ‘ყოჩებმა’, რომელიც მეორე ეტაპზე მესამე ადგილით გავიდა.

მეორე ეტაპზე ორივე გუნდმა ორ-ორი თამაში მოიგო. ‘ყოჩებმა’ ორივე შემთხვევაში ‘ლოკომოტივი’ დაამარცხა, ხოლო ‘აკადემიამ’ ‘ყოჩებს’ მოუგო. მომავალი მეტოქეების ურთიერთშეხვედრები დაძაბული გამოდგა და ორივე მინიმალური სხვაობით დასრულდა. პირველ წრეში „მხატვრებმა“ გაწითლებულ დროზე სანდრო მარგიანის მიერ გატანილი ჯარიმით 13:12 მოიგეს. განმეორებით შეხვედრას ბოლნისელები 70-ე წუთისთვის 16 ქულის სხვაობით იგებდნენ, მაგრამ დასკვნით 10 წუთში 17 უპასუხო ქულა მიიღეს. გაწითლებულ დროზე გადამწყვეტი ჯარიმა ამჯერად დავით მოძღვრიშვილმა გაიტანა – 32:31.

ფლეი ოფის პირველი ეტაპი ორივე გუნდმა წარმატებით გადალახა. ‘აკადემიამ’ ‘ლოკომოტივს’ დამაჯერებლად, 24:11 აჯობა, ‘ყოჩებს’ კი ‘იუნკერებთან’ ბოლო წუთამდე მოუწია ბრძოლა და ანტონ ფეიქრიშვილმა 78-ე წუთზე გატანილი ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ხოლო თემურ სოხაძის გარდასახვამ ‘ყოჩები’ ნახევარფინალში გაიყვანა – 29:27.

იქ ორივე გუნდს დასავლეთ საქართველოში მოუწია მგზავრობა და ორივე უშანსოდ დამარცხდა. ‘აკადემია’ ‘ბათუმს’ დაახლოებით ერთი საათი ებრძოლა, მაგრამ მერე მასპინძლებმა იმძლავრეს და 28:13 მოიგეს. ‘ყოჩებმა’ ‘აიას’ ქუთაისში სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 12:31 დამარცხდა.

‘აკადემიამ’ მედლის მოპოვება ბოლოს 16 წლის წინ მოახერხა, როდესაც მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ‘ყოჩებმა’ კვარცხლბეკზე 2015 წელს შეაბიჯა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

დღემდე ‘ყოჩებს’ ჯამში 12 მედალი აქვს მოპოვებული – 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. ‘აკადემიას’ ანგარიშზე 3 მედალია – 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი