დიდი 10 ბორჯღალოსნების და მაყურებლების გარეშე ბრუნდება

COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის გამო 7 თვით შეწყვეტილი დიდი 10, ახალი სეზონით და სახეცვლილი ფორმატით 7 ოქტომბერს ბრუნდება.

შეგახსენებთ, რადგან გასული სეზონი პანდემიის გამო ვერ დასრულდა, დიდი 10-ის გუნდებს პირველი ლიგიდან ორი მოწინავე (სეზონის შეწყვეტის მომენტში არსებული სატურნირო მდგომარეობის მიხედვით) დაემატა. ისინი ასევე გასული სეზონის შეწყვეტის მომენტში არსებული რეიტინგის მიხედვით ორ 6-გუნდა ჯგუფში განაწილდნენ და პირველ ეტაპზე ორ წრედ ითამაშებენ. პანდემიის გამო, ჯერჯერობით თამაშებზე მაყურებელი არ დაიშვება.

„ა“ ჯგუფში თბილისის ‘ლელო-სარასენსი’, რუსთავის ‘ხარები’, თბილისის ‘აკადემია’, კიკეთის ‘იუნკერები’, თბილისის ‘ლოკომოტივი’ და პატარძეულის ‘ვეფხვები’; ხოლო „ბ“ ჯგუფში ‘ბათუმი’, ქუთაისის ‘აია’, გორის ‘ჯიქი’, ბოლნისის ‘ყოჩები’, მარნეულის ‘არმაზი’ და ქუთაისის ‘არესი’ ითამაშებენ.

10 ტურის შემდეგ, მეორე ეტაპზე, თითოეული ჯგუფის სამ-სამი მოწინავე საჩემპიონო, 6-გუნდიან ჯგუფს შექმნიან, ხოლო დანარჩენები ასევე 6-გუნდიან ჯგუფში, უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძოლებენ. ორივე ჯგუფში, გუნდებს მეორე ეტაპზე გადაყვებათ თანაჯგუფელ ორ გუნდთან პირველ ეტაპზე დაფიქსირებული შედეგები (4 მატჩის) და მეორე ეტაპზე მხოლოდ მეორე ჯგუფის სამ წარმომადგენელთან შინ და გარეთ ითამაშებენ.

მოწინავე ექვსეულის გუნდები ჩემპიონს მესამე ეტაპზე, ფლეი ოფის შედეგად გამოავლენენ. მეოთხედფინალში მესამეადგილოსანი მეექვსე, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეადგილოსანს უმასპინძლებს. პირველ-მეორე ადგილოსნები ფლეი ოფში ნახევარფინალიდან ჩაერთვებიან.

რაც შეეხება ქვედა ექვსეულს, აქ გათამაშება მეორე ეტაპით სრულდება და სამი აუტსაიდერი პირველ ლიგაში პირდაპირ დაქვეითდება, ხოლო კიდევ ერთი პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან ორრაუნდიან ფლეი-ოფს გამართავს. 2021/2022 წლების სეზონს, უმაღლეს ლიგაში კვლავ 10 გუნდი დაიწყებს.

 

 

„ა“ ჯგუფი

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ინგლისიდან ქართულ კლუბებში დაბრუნდნენ ბორჯღალოსნები, მეორეხაზელები ნოდარ ჭეიშვილი და ლაშა ჯაიანი, ასევე გუნდი გამოიცვალა ქართულ კლუბებში მოთამაშე რამდენიმე ბორჯღალოსანმა, მაგრამ ისინი 5 დეკემბრამდე საქართველოს ნაკრების განკარგულებაში არიან და მანამდე კლუბებს ვერ დაეხმარებიან, რადგან რეგულაციის თანახმად, საერთაშორისო მატჩების დაწყებამდე და მისი მსვლელობისას თვითიზოლაციაში არიან. შინ დაბრუნდა რამდენიმე ლეგიონერი რუსეთიდან და რუმინეთიდან.

„ა“ ჯგუფის პირველი ორი შეხვედრა 8 ოქტომბერს გაიმართება. უძლიერესთა შორის დაბრუნებული ‘ვეფხვები’ ‘ლელო-სარასენსს’ თელავში უმასპინძლებს. მატჩი საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება. მასპინძელთა რიგებში ითამაშებს რუმინეთიდან შინ დაბრუნებული, ვეტერანი ბორჯღალოსანი, 9 ნომერი ბიძინა სამხარაძე. ‘ლელოს’ დააკლდება ნაკრებში გამოძახებული მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი, შუამარბი დემე თაფლაძე და გარემარბი აკაკი ტაბუცაძე.

18 საათზე ‘იუნკერები’ ‘აკადემიას’ „ავჭალაზე“ დაუხვდება. ახალ სეზონს ორივე გუნდი გადახალისებული შემადგენლობით ხვდება. ‘აკადემიამ’ ზაფხულში საკუთარი აღზრდილი სოსო მათიაშვილი დაიბრუნა, თუმცა ის ნაკრების შეკრებაზეა და კლუბს ჯერ ვერ დაეხმარება.

„ა“ ჯგუფის პირველი ტურის დასკვნით შეხვედრაში, თბილისის ‘ლოკომოტივი’ რუსთავის ‘ხარებს’ მასპინძლობს. მატჩი 9 ოქტომბერს, 18 საათზე „ავჭალაზე“ დაიწყება. ‘ლოკომოტივს’ გასული სეზონი ჩაუვარდა და გასავარდნი ზონის სიახლოვეს იყო. სატრანსფერო პერიოდში „რკინიგზელებმა“ რამდენიმე ლიდერი დაიბრუნეს და წელს კვლავ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. ‘ხარები’ ბოლო პერიოდში მუდამ ლიდერთა შორის ტრიალებს, განსაკუთრებით კარგად სეზონის დასაწყისში გამოიყურება ხოლმე და მაყურებელსაც საინტერესო ბრძოლის ხილვა მოუწევს.

 

8 ოქტომბერი

ვეფხვები (პატარძეული) – ლელო (თბილისი) (თელავი. 16 საათი)

იუნკერები (კიკეთი) – აკადემია (თბილისი) (ავჭალა. 18 საათი)

9 ოქტომბერი

ლოკომოტივი (თბილისი) – ხარები (რუსთავი) (ავჭალა. 18 საათი)

 

 

„ბ“ ჯგუფი

ახალი სეზონი 7 ოქტომბერს, „ბ“ ჯგუფის ორი მატჩით იწყება. პირველად მოედანზე მარნეულის ‘არმაზი’ და ქუთაისის ‘აია’ გადიან. „რაგბი პლატოზე“ შეხვედრა 16 საათზე იწყება. ‘არმაზს’ სატრანსფერო პერიოდში დამატებული ბორჯღალოსნები – ლაშა ჯაიანი, გიორგი კვესელაძე და სანდრო სვანიძე დააკლდება. დანაკლისი აქვს ‘აიასაც’, რომელმაც ‘ლოკომოტივიდან’ ზურაბ ძნელაძე დაიბრუნა, ხოლო მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი ინგლისიდან ჩამოიყვანა. ორივე მათგანი ნაკრებთან ერთად იმყოფება.

18 საათზე დიდი 10-ის დებიუტანტი ‘არესი’ 2019 წლის ჩემპიონ ‘ბათუმს’ ქუთაისში მასპინძლობს. ‘არესი’ ძირითადად ქუთაისელი მორაგბეებით გაძლიერდა, მათ შორის რუსეთიდან დაბრუნებული თანაქალაქელებით. ‘ბათუმს’ დააკლდება ნაკრებში გამოძახებული გიორგი თხილაიშვილი, მგეზავი ლაშა ხმალაძე და ფრთა სანდრო თოდუა.

ჯგუფის დასკვნით მატჩში, 9 ოქტომბერს ბოლნისის ‘ყოჩები’ გორის ‘ჯიქს’ „რაგბი პლატოზე“ მიიღებს. მასპინძელთა შორის ითამაშებს 9 ნომერი გიორგი ბეგაძე, რომელიც ბორჯღალოსანთა გაფართოებულ შემადგენლობაში არაა. აღსანიშნავია, რომ გასული სეზონი მან ‘ჯიქში’ გაატარა და მშობლიურ კლუბს ახლახანს დაუბრუნდა.

 

7 ოქტომბერი

არმაზი (მარნეული) – აია (ქუთაისი) (რაგბი პლატო. 16 საათი)

არესი (ქუთაისი) – ბათუმი (ბათუმი) (ქუთაისი. 18 საათი)

9 ოქტომბერი

ყოჩები (ბოლნისი) – ჯიქი (გორი) (რაგბი პლატო. 16 საათი)

 

ფოტოები: ა.გეგენავა, ა.ბერთლანი, ა.რეხვიაშვილი