დიდი 10 | ბათუმი 52:5 ყაზბეგი

დიდი 10-ის მე-17 ტურის პირველ მატჩში, ‘ბათუმმა’ ‘ყაზბეგს’ პრობლემების გარეშე, 52:5 სძლია და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.

მასპინძლებმა საქმე პირველსავე ტაიმში მოითავეს. ზღვისპირელები მეტოქეს ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ და ნაირ-ნაირი ლელოები გაიტანეს. პირველი და მეოთხე ლელო გიორგი მენაბდის ანგარიშზეა. მან მოლი 5 ქულით ორჯერ დაასრულა. ამ ლელოებს შორის დუბლი ზურაბ ძნელაძემ შეასრულა – ჯერ მეტოქის 22-ში ფეხით მოკლეზე გადაკიდებული მოხსნა, მერე ხელდახელ შეტევისას გაჭრა ხაზი.

32-ე და 36-ე წუთებზე ბექა ურჯუკაშვილის ჯერი დადგა. პირველ ეპიზოდში სტუმრებს ბურთი თავის ლელოში დაუვარდათ და ბათუმელთა კაპიტანი იქვე იყო, მერე კი ხაზი გაჭრა და ფრთაზე გაინავარდა. ტაიმის ბოლოს თავისი ნახევრიდან დაწყებული 70-მეტრიანი ხელდახელ შეტევა ლელოთი ნიკა ნინიძემ დაასრულა. მამუკა ნინიძემ 5 გარდასახვა შეასრულა – 45:0.

მეორე ტაიმი უფრო მშვიდად დაიწყო. ‘ბათუმმა’ უპირატესობა 52-ე წუთზე, დერეფნიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ხვიჩა ბუჯიაშვილის ლელოთი გაზარდა და დურმიშხან ჯაბნიძემ გარდასახა. მატჩის მიწურულს ‘ყაზბეგიც’ გააქტიურდა, ორჯერ შექმნა სალელოვე შანსი და მათგან ერთი გიგა ჩაბაკურმა 5 ქულად აქცია – 52:5.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ბექა ურჯუკაშვილი დასახელდა. ‘ბათუმი’ 17-იდან 16 მოგებით და 77 ქულით ლიდერობს. ის უახლოეს მდევარს 27 ქულით უსწრებს. ‘ყაზბეგი’ მე-9 ადგილზეა და კიკეთის ‘იუნკერებს’, რომელიც ამ ტურის თამაშს ხვალ გამართავს, 6 ქულით უსწრებს.

 

ფოტო: მამუკა ჩხიკვაძე