დიდი 10 | ბათუმი 45:3 იუნკერები

‘ბათუმმა’ ‘იუნკერებს’ ბონუსით, 45:3 სძლია და ქუთაისის ‘აიას’ კვალდაკვალ, ნახევარფინალში თამაში ერთი ტურით ადრე დაიბევა.

ანგარიში მასპინძლებმა მამუკა ნინიძის ჯარიმით გახსნეს, რაზეც რამაზ ხარაზიშვილმა მე-10 წუთზე ჯარიმითვე უპასუხა, თუმცა ამის შემდეგ ქულები მხოლოდ მასპინძლებმა აიღეს. ნინიძემ მე-17 წუთზე მეორე ჯარიმა გაიტანა, 3 წუთში კი მარჯვენა ფრთაზე გრძელი პასი მიიღო და ლელომდე ირბინა. მისი გარდასახვა არაზუსტი იყო, სამაგიეროდ, მალე მესამე ჯარიმაც გაიტანა და ზღვისპირელები 14:3 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმში ბათუმელთა მოლმა ჯერ საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, 58-ე წუთზე მას ბოლო მომენტში მიშა წიკლაური მოწყდა, ხოლო 5 წუთში ბურთი ბექა მამუკაშვილმა დაამიწა. დასკვნით 5 წუთში ლელოები საბა შუბითიძემ და ნიკა ნინიძემ გაიტანეს და მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს – 45:3.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მიშა წიკლაური გახდა. ‘ბათუმი’ 30 ქულით მეორე ადგილზეა, ‘იუნკერები’ კი 8 თამაშიდან 14 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.