დიდი 10 | ბათუმი 40:3 არესი

‘ბათუმმა’ ქუთაისის ‘არესს’ 40:3 მოიგო, ბონუსიც უპრობლემოდ აიღო და ახალ წელს ერთპიროვნულ ლიდერად ხვდება.

ზღვისპირელებმა განვლილი 10 შეხვედრიდან 9 მოიგეს, 43 ქულა მოაგროვეს და უახლოეს მდევარ ‘ყოჩებს’ მთელი 9 ქულით ჩამირჩებიან. ‘არესმა’ ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, 20 ქულა დარჩა და ‘აიასა’ და ‘ლოკომოტივთან’ მეექვსე-მერვე ადგილებს იყოფენ.

დიდი 10-ის 2021 წლის უკანასკნელი შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანეს, სხვა შემთხვევებში მასპინძლებმა თავი დაიცვეს და მე-19 წუთზე თავად დაწინაურდნენ – ზურაბ ძნელაძის, გუგა შენგელიასა და ანზორ სიჭინავას წამოწყებული იერიში ვანო ფუტკარაძემ ლელოთი დაასრულა და მამუკა ნინიძემ გარდასახა. დავით კვირიკაშვილმა ჯარიმით სხვაობა მალევე შეამცირა, მაგრამ მერე ლელოები მხოლოდ ‘ბათუმს’ გაქონდა. ტაიმის ბოლოს მათ 5-მეტრიანიდან მოლი ააგორეს და ბექა მამრიკიშვილის ლელო ნინიძემ გარდასახა – 14:3.

მეორე ტაიმი სრულად ‘ბათუმის’ იყო და მათ კიდევ ოთხი ლელო გაიტანეს. დებიუტში თავი ნიკა ნინიძემ და გიორგი ჩხარტიშვილმა გამოიჩინეს, მამუკა ნინიძემ ორივე ლელო გარდასახა. მერე ლელოები საბა შუბითიძემ და ანზორ სიჭინავამ მიითვალეს – 40:3. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საბა შუბითიძე დასახელდა.