დიდი 10 | ბათუმი 38:17 ლოკომოტივი

‘ბათუმმა’ თბილისის ‘ლოკომოტივი’ მეორე ტაიმში გატეხა და დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა – 38:17.

ოთხიდან ორ მოგებას, ამ მატჩის ჩათვლით, თან ბონუსიც ახლდა და ზღვისპირელები 18 ქულით პირველ ადგილზე არიან. ორი მოგებითა და 11 ქულით მეხუთე პოზიციაზეა ‘ ლოკომოტივი’.

ბათუმში თამაში სტუმრების უპირატესობით დაიწყო და დათო ლაზვიაშვილის სინბინის შემდეგ, მათ რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს. მე-14 წუთზე მოლს ირაკლი ქვათაძე მოწყდა და ანგარიში გახსნა, ხოლო 23-ე წუთზე მოლი ლელოთი ფარნა გასვიანმა დაასრულა. გიორგი მოსულიშვილმა ერთი გარდასახა – 12:0.

მაგრამ ტაიმი მაინც ‘ბათუმმა’ მოიგო. ის ნელ-ნელა დაეუფლა ინიციატივას და 33-ე წუთზე ხელდახელ იერიში მარცხენა ფრთაზე ანზორ სიჭინავას გაქცევით დასრულდა, ხოლო გაწითლებულ დროზე მოლის შემდეგ ლელო ბექა მამრიკიშვილმა მიითვალა. გადამწყვეტ მომენტში, მამუკა ნინიძემ ორივე რთული გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მასპინძლები 2 ქულით დააწინაურა.

მეორე ტაიმი ‘ბათუმის’ მასირებული შეტევებით დაიწყო. ‘ლოკომოტივი’ თავიდან ტემპში აყვა, მაგრამ 49-ე წუთზე სივრცეები დაუცველი დარჩა და ჯონდი კორტავას ლელო ნინიძემ გარდასახა. ‘ლოკომოტივმა’ სწრაფად სცადა პასუხი და ლელოს გარდა, გასატანი პოზიციიდან ჯარიმაც გაუფუჭდა, მერე კი სინბინით გაგა არაბული დაკარგა და მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა ორ ლელოში ასახეს.

59-ე წუთზე ზღვისპირელებმა დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაითამაშეს და ვაჟა თაგაურმა ლელო გაიტანა, ხოლო 64-ე წუთზე ხელდახელ შეტევა ალამთან სიჭინავამ დაასრულა. ნინიძემ პირველი გარდასახა. დასკვნითი 10 წუთით ადრე მასპინძლებმა სინბინით გიორგი მენაბდე დაკარგეს და იქვე ‘ლოკომოტივმა’ მოლი დავით აბაშიძის ლელოთი დაასრულა. ამით ‘ბათუმი’ ბონუსს კარგავდა, თუმცა სულ ბოლოს ფეხით გადაკიდებული ბურთი ზურაბ ძნელაძის ნადავლი გახდა და მანაც ბონუს-ლელო გაიტანა – 38:17.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მამუკა ნინიძე გახდა.