დიდი 10 | ბათუმი 32:19 ლელო-სარასენსი

საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ დიდი 10-ის მე-16 ტურში ლიდერი ‘ლელო-სარასენსი’ 32:19 დაამარცხა და ქუთაისურ დერბამდე (ხვალ არესი – აია) სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაწინაურდა.

ზღვისპირელებს 44 ქულა მოუგროვდათ და 4-ით ჩამორჩებიან რუსთავის ‘ხარებს’, ‘აიას’ კი ჯერჯერობით 1 ქულით უსწრებენ. 39 ქულა აქვს ‘ყაზბეგს’, რომელიც ტურის მატჩს ასევე ხვალ თბილისის ‘აკადემიასთან’ გამართავს.

‘ლელომ’ 9-თამაშიანი გამარჯვებების სერია შეწყვიტა, რომელიც 5 ნოემბერს სწორედ ‘ბათუმის’ ძლევით დაიწყო, თუმცა დიდ დიღმელები მყარად ინარჩუნებენ პირველ პოზიციას. მათ 53 ქულა აქვთ და 5-ით უსწრებენ უახლოეს მდევარ ‘ხარებს’.

ბათუმში გამართული მატჩის დებიუტში მასპინძელთა მგეზავ რეზი ჯინჭველაშვილს ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა. ხელოვნურსაფარიან მოედანზე სწრაფი ბურთაობა გაჩაღდა, რასაც მე-14 წუთზე 5-მეტრიანი დერეფნიდან ‘ლელოს’ მიერ აგორებული მოლი და თენგიზ ზამთარაძის ლელო მოყვა. ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახა. სამ წუთში რეზი ჯინჭველაშვილმა ჯარიმა გაიტანა და ჩამორჩენა შეამცირა, 22-ე წუთზე კი მოლი უკვე ‘ბათუმმა’ ააგორა, მან დაახლოებით 10 მეტრი დაფარა და ბექა მამრიკიშვილის ლელო ჯინჭველაშვილმა გარდასახა.

32-ე წუთზე მასპინძლებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. მათ საკუთარ ნახევარზე მოიპოვეს ბურთი და სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, გიორგი ფრუიძემ და ზურა ძნელაძემ ოვალი მარჯვენა ფრთამდე ჩაიტანეს, სადაც შეტევაში ლაშა ხმალაძე ჩაერთო და ბოჭვის მიუხედავად 5 ქულა მიითვალა. ჯინჭველაშვილი ამჯერადაც ზუსტი იყო. ტაიმის ბოლოს ‘ბათუმმა’ ‘ლელოს’ მიძალება მოიგერია და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ – 17:7.

მეორე ტაიმიც მაღალ ტემპში, ხელდახელ შეტევებით დაიწყო და 46-ე წუთზე ზღვისპირელებმა მორიგი ლამაზი ლელო გაიტანეს. მარცხენა ფრთაზე კოკი თხილაიშვილი გაიქცა და დიდი მანძილი მოიგო, მერე ბურთი საპირისპირო ფრთაზე ჩათამაშდა და ზურა ძნელაძის შემჩერებელი აღარავინ იყო. ეპიზოდს ‘ლელოს’ ბურჯი ნიკა პატარაია სინბინით შეეწირა, გარდასახვა კი ძელმა აისხლიტა. 4 წუთში მოედანზე თანაფარდობა აღდგა. ამჯერად ყვითელი ბარათი ბექა მამრიკიშვილმა მიიღო, 59-ე წუთზე კი სტუმრებმა თავისი მეორე ლელო გაიტანეს.

‘ლელომ’ გარკვეული დროით სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, ჯარიმები კარში არ დაარტყა და ვაჟა მიქაძემ ბურთი მარცხენა ალამთან დაამიწა. გარდასახვა მიზანს ასცდა. დასკვნითი წუთები უხვქულიანი აღმოჩნდა. 69-ე წუთზე ჯინჭველაშვილმა ჯარიმა გაიტანა, რასაც ერთ წუთში თხილაიშვილის სინბინი მოყვა და თბილისელებმა რიცხობრივი უპირატესობით კიდევ ერთხელ ისარგებლეს.

ფორვარდების რამდენიმე მიძალების შემდეგ, ბექა ბერუაშვილმა სივრცე შენიშნა, ხაზი გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, პეტრე ხუციშვილმა კი გარდასახვით სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა. მატჩის მიწურულს გიორგი ფრუიძემ მეტოქის გადაცემა ცენტრში ჩაჭრა და ლელოთი საკუთარ გუნდს გამარჯვება გაუფორმა, ჯინჭველაშვილმა კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 32:19. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლაშა ხმალაძე გახდა.