დიდი 10 | ბათუმი 31:0 ჯიქი

‘ბათუმმა’ მეოთხე ტურის გადადებულ მატჩში გორის ‘ჯიქს’ ხუთი უპასუხო ლელო გაუტანა და ბონუსით, 31:0 გაიმარჯვა.

დურმიშხან ჯაბნიძემ და ვაჟა თაგაურმა დუბლი შეასრულეს, ერთი ლელო კი ბაჩი გრიგოლიას ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ თაგაურს ზედიზედ მეორე მატჩია წყვილი ლელო გააქვს.

მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ანგარიშის გახსნის შანსი სტუმრებს უფრო ადრე ჰქონდათ, მაგრამ ცენტრიდან ჯარიმა ვერ გაიტანეს.

მე-16 წუთზე ბეჟან გავაშელიშვილი სინბინით დაისაჯა და მის დაბრუნებამდე რამდენიმე წამით ადრე ‘ბათუმმა’ რიცხობრივი უპირატესობა 7 ქულად აქცია – დურმიშხან ჯაბნიძემ ხაზი გაჭრა და ლელო თავადვე გარდასახა. მალე ზღვისპირელებს მეორე ლელო უნდა გაეტანათ, ხვიჩა ბუჯიაშვილმა კონტაქტით მცველი ჩამოიცილა და ოფლოუდი გაახერხა, მაგრამ ლელოში შესულმა გიორგი გოგიტიძემ დამიწება დააგვიანა და კიდით ხაზს იქით გადაიყვანეს.

ტაიმის ბოლოს ‘ბათუმმა’ მოლი დააყენა და ვაჟა თაგაურმა ლელო გაიტანა. 50-ე წუთზე მასპინძლებმა მეორედ ააგორეს მოლი და თაგაურმა დუბლი შეასრულა, ოთხ წუთში კი კვლავ ჯაბნიძის დრო დადგა, რომელმაც ცენტრის სიახლოვეს გაჭრა ხაზი და ლელომდე 50 მეტრი ირბინა – 24:0. 66-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ბაჩი გრიგოლიამ მეხუთე ლელო გაიტანა, ხოლო ჯაბნიძემ გარდასახვა შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

მატჩის საუკეთსო მოთამაშედ ‘ბათუმის’ ბურჯი მიშა წიკლაური დასახელდა.

‘ბათუმს’ ექვსი თამაშის შემდეგ 16 ქულა მოუგროვდა და საახალწლოდ სამეულში დამკვიდრდა, ‘ჯიქი’ კი ექვსი თამაშიდან ექვსი ქულით ჯერჯერობით მეხუთე პოზიციაზეა.