დიდი 10 | ბათუმი 28:13 აკადემია

‘ბათუმმა’ თბილისის ‘აკადემიას’ დიდი 10-ის ნახევარფინალურ მატჩში 28:13 სძლია და 2019 წელს მოპოვებულ ტიტულს 12 ივნისს, ფინალურ შეხვედრაში დაიცავს.

„ბათუმი არენაზე“ გამართულ მატჩში სტუმრებმა მასპინძლებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს და დასკვნით მეოთხედამდე ფინალში გასვლის იმედს ინარჩუნებდნენ, თუმცა საბოლოოდ ‘ბათუმმა’ შეძლო ძალისმიერ თამაშში უპირატესობის ლელოებში ასახვა და კომფორტული სხვაობით იმარჯვა.

მნიშვნელობიდან გამომდინარე, მატჩის დებიუტი ნერვიული გამოდგა. მასპინძლები მამუკა ნინიძის ჯარიმით დაწინაურდნენ. მე-20 წუთამდე დავით მოძღვრიშვილმა ჯარიმით ჯერ წონასწორობა აღადგინა, მერე კი ‘აკადემია’ დააწინაურა, რაზეც ნინიძემ 28-ე წუთზე მეორე ზუსტი ჯარიმით უპასუხა.

მასპინძლები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მძლავრობდნენ შერკინებაში, 36-ე წუთზე ჯარიმის ნაცვლად შერკინება ირჩიეს, წინ წაიწიეს და ვანო ფუტკარაძემ შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, რასაც ნინიძის ზუსტი გარდასახვა მოყვა. ‘აკადემიამ’ ტაიმის მიწურულს უპასუხა, 5-მეტრიანი დერეფნიდან კარგი მოლი აგორდა და მიზანს ვანო ბერიკაშვილი მიწვდა, ხოლო მოძღვრიშვილმა ანგარიში გაათანაბრა – 13:13.

მეორე ტაიმის დასაწყისში თბილისელები შეცდნენ და დიდი მანძილი დაკარგეს, ‘ბათუმმა’ კი მოლი ააგორა და ბექა მამრიკიშვილმა ლელო გაიტანა. გარდასახვა მიზანს ასცდა. ‘აკადემიას’ მალევე შეეძლო პასუხის გაცემა, მაგრამ ‘ბათუმმა’ ლელო დაიცვა, მოძღვრიშვილს კი ჯარიმა გაუცუდდა. დასკვნითი წუთები კვლავ მასპინძლების იყო, გოგა ქადარიამ ორი ძალისმიერი ლელო გაიტანა და ‘ბათუმმა’ 28:13 მოგებით ქუთაისის საგზური მოიპოვა, ხოლო ‘აკადემია’ მესამე ადგილისთვის ითამაშებს.

პირველი ნახევარფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანზორ სიჭინავა გახდა.

 

ფოტო: რ.კ. ბათუმი