დიდი 10 | ბათუმი 27:10 არესი

საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’, დიდი 10-ის მე-12 ტურის დასკვნით შეხვედრაში ‘არესს’ 27:10 სძლია, ბონუსიც აიღო და მოწინავე ექვსეულს ერთ ქულამდე მიუახლოვდა.

„ბათუმი არენაზე“ გამართული მატჩი სტუმრებისთვის კარგად დაიწყო და მათ 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მე-17 წუთის შემდეგ მონაგარს ვერაფერი შემატეს, მასპინძლებმა კი ოთხი ლელოთი უპასუხეს და ბოლო წუთზე ბონუსიც აიღეს.

ანგარიში გიორგი თევდორაძემ მე-4 წუთზე, ჯარიმით გახსნა. მე-16 წუთზე ‘არესმა’ დერეფნიდან მოლი დააყენა, მას ბექა ვარდანიძე მოწყდა და ლელო გაიტანა, თევდორაძემ კი გარდასახა. ტაიმის ბოლოს ‘ბათუმმა’ შეძლო შეტევაში თამაშის დალაგება, 34-ე წუთზე მოლს ნუკრი ფერსელიძე მოწყდა და საპასუხო ლელო დაამიწა, მამუკა ნინიძემ კი გარდასახა. შესვენების წინ ქუთაისელებს ჯარიმით შეეძლოთ უპირატესობის გაზრდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო – 7:10.

მეორე ტაიმის საწყისი 10 წუთი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ამ პერიოდში ზღვისპირელებმა 15 უპასუხო ქულა აიღეს. გიორგი მენაბდემ მოლი ლელოთი დაასრულა და მასპინძლები წინ გაიყვანა. ორიოდე წუთში ‘ბათუმმა’ ხელდახელ შეუტია და დაახლოებით 30-35 მეტრით წინ წაიწია, უკვე მეტოქის 22-ში ბურთი საპირისპირო ფრთაზე ჩათამაშდა და დაჩი კოპაძის ოფლოუდის შემდეგ, ზურაბ ძნელაძემ ლელო გაიტანა, ნინიძემ კი გარდასახა და 50-ე წუთზე ჯარიმაც გაიტანა.

მომდევნო 30 წუთი ანგარიში აღარ შეცვლილა, უკანასკნელ წუთზე კი, ‘ბათუმმა’ მოულოდნელად ჯარიმა გაათამაშა, ბურთი მარცხენა ფრთაზე ანზორ სიჭინავამდე ჩათამაშდა და მანაც ბონუსის მომტანი ლელო გაიტანა – 27:10. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ფრუიძე გახდა.