დიდი 10 | ბათუმი 23:17 აკადემია

‘ბათუმმა’ დიდი 10-ის გარდამავალი სეზონის მეორე ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ზღვისპირელებმა ლიდერს, თბილისის ‘აკადემიას’ უმასპინძლეს და 23:17 სძლიეს.

მასპინძლებმა სამი ლელო გაიტანეს, მაგრამ ერთი თავადაც გაუშვეს და ბონუსი ვერ აიღეს. მცირე სხვაობისთვის ბონუსი აიღო ‘აკადემიამ’, რითაც ლიდერობა შეინარჩუნა. ‘ბათუმი’ მას მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

შეხვედრა მასპინძლების შეტევებით დაიწყო და მამუკა ნინიძემ ისინი ჯარიმით ორჯერ დააწინაურა, მაგრამ ორივეჯერ სანდრო მარგიანმა უპასუხა. ‘ბათუმი’ უფრო დიდ დროს ატარებდა შეტევაში და ნახევარი საათის თავზე პირველი ლელო გაიტანა. ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ბურთი მარცხენა ფრთაზე გავიდა და გრძელი პასი ალამთან დავით ტრაპაიძემ დაასრულა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მალე მარგიანმა ერთი ჯარიმაც გაიტანა და ტაიმი 11:9 დასრულდა.

ტაიმის ბოლოს ‘ბათუმს’ ვანო ფუტკარაძე გაუსინბინეს და მარგიანმა კარის წინ 43 მეტრიდან, სტუმრების დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა. მეორე ტაიმი ‘აკადემიას’ შეცდომებით დაიწყო, 14-კაციანმა მასპინძლებმა 5-მეტრიანი შერკინებიდან ფრთაზე გაიტანეს ბურთი და ტრაპაიძემ დუბლი შეასრულა, ხოლო ნინიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა.

მარგიანმა 50-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, ორ წუთში კი ‘ბათუმმა’ ნინიძე წითელი ბარათით დაკარგა. რიცხობრივი თანაფარდობა მალე აღდგა, მას შემდეგ, რაც 58-ე წუთზე თორნიკე ზოიძე კონტაქტში იდაყვით შევიდა და წითელი ბარათი მიიღო. 71-ე წუთზე, ‘ბათუმმა’ უკვა მარჯვენა ფრთაზე გაშალა ბურთი, სადაც ის ნიკა ნინიძემ მიიღო და ალამთან მაღალ სისწრაფეში შევიდა.

გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ მასპინძლები ანგარიშის შენარჩუნების შემთხვევაში ბონუსსაც აიღებდნენ. მაგრამ ‘აკადემიას’ სხვა გეგმები ჰქონდა, დასკვნითი წუთები შეტევაში გაატარა და გაწითლებულ დროზე უმნიშვნელოვანესი ლელო გაიტანა. ხანგრძლივი შრტევის შემდეგ, მარგიანმა ფეხით გადაკიდებული ბურთი მეტოქის 22-ში აიღო, ამას ფორვარდების ორი დარტყმა მოყვა და ლუკა კეკელიას ლელომ, ‘ბათუმს’ ბონუსი ჩამორთვა და ის ‘აკადემიას’ არგუნა – 23:17.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა ბუჯიაშვილი გახდა.