დიდი 10 | ბათუმი 20:26 ყოჩები

ვიცე-ჩემპიონმა და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა ‘ბათუმმა’ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. ზღვისპირეთს ბოლნისის ‘ყოჩები’ ეწვია და მასპინძლებს 26:20 სძლია.

მიუხედავად მარცხისა ‘ბათუმი’ 24 ქულით პირველ ადგილზე რჩება და უახლოეს მდევარს მთელი 5 ქულით უსწრებს. ‘ყოჩებს’ ფავორიტთან გამარჯვების შემდეგ 18 ქულა მოუგროვდა და მესამე ადგილზეა.

შეხვედრის დებიუტში ‘ყოჩები’ დაჯარიმდა და მამუკა ნინიძემ 38 მეტრიდან გაიტანა. საპასუხო შეტევისას უკვე ‘ბათუმი’ დაჯარიმდა და ლაშა მალაღურაძემ წონასწორობა აღადგინა. მე-12 წუთზე სტუმრებმა სინბინით ბაჩუკი ჭუმბაძე დაკარგეს და მასპინძლებმა მეტობა 10 ქულაში ასახეს – ბექა მამრიკიშვილმა მოლის შემდეგ ლელო გაიტანა, ნინიძემ კი გარდასახვას ჯარიმაც მიაყოლა.

მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, მერე ‘ყოჩებმა’ ბურთზე კონტროლი დაამყარა, 5-მეტრიან დერეფანში გიორგი მჭედლიშვილმა ბურთი მოიგო და მოლმა ლელომდე იარა, რაქიდან მეორე მიძალებით კი, თავისივე დაწყებული იერიში მჭედლიშვილმა დაასრულა. მალაღურაძემ გარდასახა, 35-ე წუთზე 41 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 13:13 დასრულდა.

მეორე ტაიმი ‘ყოჩების’ ხელდახელ შეტევებით დაიწყო, თუმცა ანგარიშის შეცვლის პირველი შანსი ‘ბათუმმა’ მიიღო და ნინიძის შორეული ჯარიმა ძელმა აისხლიტა. 52-ე წუთზე თემურ სოხაძემ საკუთარი ნახევრიდან მეტოქის 22-ში ჩააგდო ბურთი და სტუმრებს კარგი აუტი მოუპოვა. ამას 10-12 მეტრიანი მოლი მოყვა, მერე ბურთი გრძელი და ორიგინალური პასებით ხაზზე გაიშალა, ნიკა ბიწაძემ ფეხით გადაიკიდა და ლელოში დაამიწა, მალაღურაძემ კი გარდასახა.

‘ბათუმმა’ სიტუაციის გამოსწორება სცადა, მაგრამ კარგად ორგანიზებულ დაცვას წააწყდა და 72-ე წუთზე მალაღურაძემ ბოლნისელთა უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა. ამავე ეპიზოდში სანდრო ქოიავამ ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ მასპინძლები არ გატყდნენ და გააფთრებულ შეტევებში გადავიდნენ. ‘ყოჩებმა’ შეძლო ძალისმიერი შეტევების მოგერიება, მაგრამ ფეხით თამაშისას შეცდნენ, ბურთი ანზორ სიჭინავამ მოიხელთა და ფრთაზე სიჩქარეში დაიძრა, მერე ის ბექა ურჯუკაშვილთან გაითამაშა და მისი ლელო ნინიძემ გარდასახა.

მაგრამ ამ დღეს ბოლნისელები უკეთ გამოიყურებოდნენ, ბოლო წუთზე მეტოქე მისსავე 22-ში წნეხში მოაქციეს, დააჯარიმეს და ლაშა მალაღურაძემ, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 26:20.