დიდი 10 | ბათუმი 19:15 ყოჩები

‘ბათუმმა’ პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და ბოლნისის ‘ყოჩები’ დაძაბულ ბრძოლაში 19:15 დაამარცხა.

ეს იყო პირველი ეტაპის მე-8 ტურის პირველი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს „ბ“ ჯგუფის მოწინავეები ეთამაშებოდნენ. შეხვედრის ერთადერთი ლელო მასპინძლებმა პირველ ტაიმში გაიტანეს და მერე თავი კარგად დაიცვეს.

ბოლნისელთა რიგებში პირველი თამაში ჩაატარა მშობლიურ კლუბში დაბრუნებულმა ბორჯღალოსანმა ლაშა მალაღურაძემ (99 კეპი) და ჯარიმით ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა. 10 წუთში მას მამუკა ნინიძემ უპასუხა, მერე დამრტყმელებმა კიდევ თითო ჯარიმა გაცვალეს, 30-ე წუთზე კი, ვაჟა თაგაურმა მოლი ლელოთი დაასრულა და ნინიძემ გარდასახა – 13:6.

მეორე ტაიმი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მალაღურაძემ 49-ე და 56-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით, სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ნინიძემ ერთი ჯარიმა 66-ე წუთზე გაქვითა და მოგვიანებით თემურ სოხაძის ჯარიმასაც ჯარიმითვე უპასუხა, რამაც ‘ყოჩებს’ დასკვნით წუთებში მხოლოდ ლელოზე ფიქრი აიძულა. ‘ბათუმმა’ საფრთხე აირიდა და 19:15 მოგებით, ჯგუფში მეორე ადგილზე დაწინაურდა (25 ქულა).

‘ყოჩებმა’ ბონუსი აიღო და 22 ქულით მესამე ადგილზე რჩება. მისი მდევარი ‘არესი’ (16 ქულა), აუტსაიდერ ‘არმაზს’ 14 თებერვალს მასპინძლობს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბათუმელთა ბორჯღალოსანი მგეზავი ლაშა ხმალაძე გახდა.