დიდი 10 | ბათუმი 18:21 ლელო-სარასენსი

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ მოქმედ ჩემპიონ ‘ბათუმს’ სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით 21:18 აჯობა და სატურნირო ცხრილის სათავეში აღზევდა.

ზღისპირელებმა ბონუსი აიღეს და ‘ლელო-სარასენსის’ მსგავსად 48 ქულა აქვთ, მაგრამ პირველ წრეში ‘ბათუმმა’ თბილისში 2 ქულის სხვაობით იმარჯვა, მეორეში 3-ით დამარცხდა და თბილისელები ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგით დაწინაურდნენ.

ლიდერთა ჯახის პირველ 35 წუთში, ირაკლი ყიასაშვილმა და ბექა ურჯუკაშვილმა ორ-ორი გასატანი ჯარიმა შეასრულეს, თუმცა მხოლოდ თითო-თითო გაიტანეს. 35-ე წუთზე ვანო ფუტკარაძე საკუთარ 22-ში, კარის წინ დაჯარიმდა და თავად სინბინით დაისაჯა, ყიასაშვილმა კი სტუმრები 6:3 დააწინაურა. ურჯუკაშვილს მალევე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ დარტყმა გაუცუდდა. ტაიმის ბოლოს სინბინით უკვე ‘ლელოელი’ ჯაბა სიხარულიძე დაისაჯა და გუნდები 14-14 კაცის ამარა დარჩნენ. ტაიმის გაწითლებულ დროზე გურამ ქანდაურიშვილმა შეძლო ხაზის გარღვევა და მატჩის პირველი ლელო გაიტანა, ურჯუკაშვილმა გარდასახა და შესვენების დროც დადგა – 10:6.

მეორე ტაიმის დასაწყიში ბათუმელთა მოლმა ლელოში შეაღწია, მაგრამ ბურთი ჩაიხურა. სამაგიეროდ მასპინძლებმა შერკინებაში ჯარიმა გამოიმუშავეს და ურჯუკაშვილმა საკუთარი გუნდის უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა. დასკვნითი 15 წუთი განსაკუთრებით საინტერესო გამოდა და სამი ლელო გავიდა.

67-ე წუთზე სტუმრებმა კარგი მოლი ააგორეს და ის ზედ ლელოს ხაზთან ჩაიქცა, ბურთი თენგო პერანიძემ გამოიტანა და ბოჭვის მიუხედავად მისი წვერი ლელოს მიაწვდინა. ყიასაშვილს ხელსაყრელი პოზიციიდან ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ გარდასახვა გაუცუდდა. 73-ე წუთზე ხვიჩა ბუჯიაშვილმა მეტოქეს თავის 22-ში ხელიდან გამოგლიჯა ბურთი, მარცხენა ფრთაზე დაახლოებით 80-მეტრი ირბინა და ლელო ალამთან გაიტანა. გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო და სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების შანსი დარჩათ.

77-ე წუთზე ასეც მოხდა. ‘ლელო-სარასენსმა’ ხელდახელ შეუტია, მერაბ კვირიკაშვილმა ბექა მამუკაშვილს იდეალური გადაცემა გაუკეთა და მანაც ბურთი ძელებს უკან დაამიწა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. უკანასკნელ წუთზე ‘ბათუმი’ კიდის ხაზთან დაჯარიმდა, ყიასაშვილმა, ვისაც მანამდე ხელსაყრელი პოზიციიდან რამდენიმე დარტყმა გაუცუდდა, ამჯერადაც კარში დარტყმა ირჩია, რთული პოზიციიდან ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და ‘ლელო-სარასენსს’ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა – 21:18.