დიდი 10 | ბათუმი 17:43 აკადემია

თბილისის ‘აკადემიამ’ ‘ბათუმის’ გადახალისებულ შემადგენლობას მეორე ტაიმში გამოცდილების და კლასის ხარჯზე აჯობა, ბონუსით, 43:17 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ბათუმში გამართული მატჩის პირველ ტაიმში მასპინძლები დომინირებდნენ და ლამაზ სტილში 3 ლელოც გაიტანეს, მაგრამ სტუმრებმა მათი ორი შეცდომით ისარგებლეს, 14 ქულა აიღეს და შესვენებაზე მხოლოდ 3-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ. შესვენების შემდეგ ‘ბათუმმა’ ქულის აღება ვეღარ შეძლო, ‘აკადემიამ’ კი 4 უპასუხო ლელო და 29 ქულა აიღო.

თამაში „მხატვრების“ შეტევებით დაიწყო. ‘ბათუმმა’ საწყისი იერიშები მოიგერია, მერე თავად აკინძა ფაზები, 22-ში მოპოვებული დერეფნიდან გიორგი მენაბდემ და ზურა ნინიძემ შეუტიეს, ანტონ შაშერომ გრძელი გადაცემით მარჯვენა ფრთაზე ილია ზოიძე მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი სანდრო სვანიძეს გადმოუგდო და მას ლელოს გატანა არ გაჭირვებია. სტუმრებმა თამაში განაახლეს, მასპინძლებმა პირველ ბურთზე უყურადღებოდ ითამაშეს, ოვალს მიხეილ ახობაძე დაეუფლა და საპასუხო ლელოთი წონასწორობა სწრაფად აღადგინა, სანდრო მარგიანმა კი გარდასახა.

ზრვისპირელებმა მეტოქე წნეხში მოაქციეს, ბურთი სწრაფად დაიბრუნეს, 22-ში ხელდახელ ბურთაობით სივრცეები შექმნეს და შაშეროს პასის შემდეგ ზურა ნინიძემ მე-18 წუთზე ლელო გაიტანა, დურმიშხან ჯაბნიძემ კი გარდასახა. ‘ბათუმი’ სრულად ფლობდა სათამაშო უპირატესობას, ‘აკადემიას’ ფაქტობრივად ყველა კომპონენტში აღემატებოდა და 30-ე წუთზე მესამე ლელო გაიტანა – შაშერომ მცველის შეცდომით ისარგებლა, ხაზი გაჭრა და ლელომდე 25 მეტრი ირბინა.

მიუხედავად იმისა, რომ ‘აკადემიას’ არაფერი გამოსდიოდა, ტაიმის ბოლოს მასპინძელთა შეცდომით ისარგებლა, 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დააყენა, მას ლაშა შალიკაშვილი მოწყდა და ლელო გაიტანა, სანდრო მარგიანმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა და სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა – 17:14.

მეორე ტაიმში სტუმრებმა შეძლეს ფაზების აკინძვა, ჯარიმა გამოიმუშავეს და 50-ე წუთზე მარგიანმა წონასწორობა აღადგინა. ‘აკადემია’ სრულად დაეუფლა უპირატესობას, 54-ე წუთზე მორიგი მოლის შემდეგ შალიკაშვილმა დუბლი შეასრულა და თავისიანები დააწინაურა. 62-ე წუთზე გიორგი მიქანაძემ დავით მოძღვრიშვილის ფეხით მოკლეზე გადაკიდებული ბურთი ორ მცველს ცალი ხელით ცხვირწინ ააცალა და მისი ლელო მარგიანმა გარდასახა.

6 წუთში, მეტოქის 22-ში ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ, მარგიანმა ლელო გაიტანა და თავადვე გარდასახა, საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე კი, კოტე იაშვილმა მოლიდან შეუტია, ბურთი ლუკა კეკელიას ამოუგდო და მანაც ბონუსის მომტანი ლელო გაიტანა. მარგიანმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 43:17 სტუმართა სასარგებლოდ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბათუმელთა 9 ნომერი არჩილ თურმანიძე გახდა. მისი გუნდი 14 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო ‘აკადემია’ 7 ქულით ბოლოსწინა მე-9 პოზიციაზე რჩება.