დიდი 10 | ბათუმი 17:13 ყოჩები

საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’, დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის ფლეი ოფის პირველ ეტაპზე ბოლნისის ‘ყოჩები’ 17:13 დაამარცხა და ტიტულის დაცვას აგრძელებს.

ზღვისპირეთში გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და დაძაბული გამოდგა. მასპინძლები მეტოქეზე მეტხანს აკონტროლებდნენ ბურთს, ერთით მეტი ლელო გაიტანეს და 23 აპრილს ქუთაისში, ‘აიას’ წინასწარი ფინალის საგზურისთვის შეერკინებიან.

თამაში მაღალ ტემპში, ბათუმელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე მამუკა ნინიძემ ჯარიმით ანგარიში გახსნა. განახლდა თუ არა შეხვედრა სტუმრებმა მეტოქე წნეხში მოაქციეს, რომან მახათაძემ კარის წინ ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა, ლაშა მალაღურაძემ კი გარდასახა. ნინიძეს მე-17 წუთზე მეორე დარტყმა გაუცუდდა, ტაიმის შუაში კი ბათუმმა შეძლო ‘ყოჩების’ 22-ში ფეხის მოკიდება და 32-ე წუთზე მოლის შემდეგ ბექა მამრიკიშვილმა საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო ნინიძემ გარდასახა – 10:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ბათუმს’ კიდევ ერთი ძალისმიერი ლელოს გატანა შეეძლო, მაგრამ ბოლო წამს დაჩი კოპაძემ ბურთზე კონტროლი დაკარგა. მერე ‘ყოჩები’ გააქტიურდა, მართალია მალაღურაძეს შორიდან ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა 1 წუთში მასპინძლებმა სინბინით (10 წუთით) გიორგი ფრუიძე დაკარგეს და ლაშამ იქვე წონასწორობა აღადგინა, 63-ე წუთზე კი კარის წინ 20 მეტრიდან არეკნი გაიტანა და სტუმრები წინ გაიყვანა.

თამაში რომ განახლდა ‘ბათუმმა’ უპირატესობა დაიბრუნა. რეზი ჯინჭველაშვილის ფეხით თამაშის შემდეგ, ბურთი მიწიდან ისე ასხლტა, პირდაპირ ბექა მამრიკიშვილის ნადავლი გახდა, რომელსაც სიჩქარე აკრეფილი ქონდა, 25 მეტრი სწრაფად დაფარა და ჯაბა ბრეგვაძის ბოჭვის მიუხედავად ლელო გაიტანა. ნინიძე გარდასახვიდან ზუსტი იყო. 72-ე წუთზე მალაღურაძის ფეხით თამაშის შემდეგ ბურთს უკვე ლევან გოგოლაშვილი დაეუფლა და ლელოშიც შევიდა, მაგრამ საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო, მანამდე წესების დარღვევა დააფიქსირა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

ანგარიში არც დარჩენილ დროში შეცვლილა და ‘ბათუმი’ ფლეი ოფის მეორე ეტაპზე გავიდა, ‘ყოჩებმა’ კი სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა. განვლილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბექა მამრიკიშვილი გახდა.