დიდი 10 | ბათუმი 13:26 აია

ქუთაისის ‘აიამ’ ბათუმში საქართველოს ჩემპიონი 26:13 დაამარცხა და მე-14 ტურის დასრულებამდე მე-3 ადგილზე აღზევდა.

ქუთაისელებს 39 ქულა მოუგროვდათ, ‘ბათუმი’ კი 35 ქულით კვლავ მე-6 პოზიციაზე რჩება, თუმცა მდევრები ფლეი ოფში მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ. ბათუმის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გუნდები გარდამავალი „სარბიელის სინისთვისაც“ იბრძვიან. ‘აიამ’ ის წლის დასაწყისში, რუსთავში ‘ხარების’ ძლევით მოიპოვა და მეორე თამაშია ინარჩუნებს.

‘აიას’ ბათუმში ბორჯღალოსნებისა და ‘შავი ლომის’ ოთხი წევრი გაყვა: მირიან მოდებაძე, ლაშა ლომიძე, გიორგი და მიხეილ ბაბუნაშვილები. სტუმრები მატჩის უმეტესი ნაწილი ბურთს აკონტროლებდნენ, ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და სწორი გადაწყვეტილებებით სასურველი შედეგი მიიღეს.

თამაში ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, თუმცა ისინი დაცვაში უკეთ ირჯებოდნენ. ანგარიში მე-17 წუთზე გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმით გახსნა. 28-ე წუთზე მამუკა ნინიძემ მეორე ცდიდან გაიტანა და წონასწორობა აღადგინა, თუმცა ‘აია’ მეტოქეზე მეტად აკონტროლებდა ბურთს, ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და 22-ში პირველ შესვლას პირველი ლელო მოყვა. სტუმრებმა ჯარიმა კარში აღარ დაარტყეს, 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დააყენეს, რომელიც წესების დარღვევით ჩაიქცა და საჯარიმო ლელოსთან ერთად, ყვითელი ბარათი ხვიჩა ბუჯიაშვილმა მიიღო. კაცნაკლულმა ‘ბათუმმა’ ტაიმის ბოლოს ნინიძის ჯარიმით შეძლო ჩამორჩენის შემცირება – 6:10.

მეორე ტაიმი ბათუმელთა შეტევებით დაიწყო. ახლა მათ არ დაარტყეს ჯარიმა კარში, დერეფნიდან მოლი დააყენეს და ნუკრი ფერსელიძის ლელო მამუკა ნინიძემ გარდასახა. ორიოდე წუთში ‘აიამაც’ იგივეთი უპასუხა, მოლში ხაზის მოთამაშეებიც ჩაერთვნენ და ლაშა ლომიძემ ლელოთი საკუთარ გუნდს უპირატესობა დაუბრუნა, ბაბუნაშვილმა კი გარდასახა. 64-ე წუთზე ბაბუნაშვილმა ჯარიმით სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა, დასკვნითი 12 წუთი კი ქუთაისელებმა კაცნაკლულებმა ჩაატარეს და 3 წუთით 13 კაცის ამარა დარჩნენ მოედანზე (ყვითელი ბარათები ირაკლი სიმსივემ და ბონდო აბაშიძემ მიიღეს).

მიუხედავად ამისა, ჯერ ბონდო აბაშიძემ და მერე ლაშა ლომიძემ, ჯარიმებით სტუმართა გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და ‘აიამ’ სტუმრად 26:13 იმარჯვა. მიუხედავად მარცხისა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მასპინძელთა მეორეხაზელი ნუკრი ფერსელიძე გახდა.