დიდი 10 | ბათუმი ფინალშია!

კვირას, ავდრიან ავჭალაში, დიდი 10-ის წინასწარი ფინალი მოეწყო, სადაც ერთმანეთს პირველ-ადგილოსანი ლელო და მოქმედი ჩემპიონი ბათუმი დაუპირისპირდა. ამინდის მიუხედავად, სტადიონზე ხალხი მრავლად მივიდა და არც გაწბილებული დარჩა, ასეთი უშეღავათო ბრძოლა, წლევანდელ პლეი-ოფში ნამდვილად არ გვინახავს.

თამაში მაღალ ტემპში დაიწყო, ლელომ ხელდახელ კარგად შეუტია, რაქში ჯარიმა მოიპოვა და ყიასაშვილმა ანგარიში ჯარიმით გახსნა. 3:0
მალევე, ავდარმა და წვიმამ ისე იმატა, რომ ყიასაშვილს მორიგი ჯარიმა გაუცუდდა, ბათუმმა კონტრშეტევა წამოიწყო, დაცვაში უხეშობისთვის სანდრო ქოიავა 10 წუთით გააძევეს, ნინიძემ კი თავისი ანგარიში გახსნა 3:3.

ლელომ კაც-ნაკლული შეტევა სცადა, მაგრამ ბათუმმა თავი ისე კარგად დაიცვა, პირიქით კონტრშეტევაზე თითქმის ლელოც დაუდო, თუმცა ხეირის ჯარიმას დასჯერდნენ და ამჯერადაც კარის წინიდან ნინიძე ზუსტი იყო. 3:6

წვიმა უფრო ძლიერდებოდა, გუნდებმა ფეხით თამაშს მოუხშირეს, იყო წინ ვარდნა და ბევრი შერკინება. 26-ე წუთისთვის, სახიფათო ბოჭვის გამო, ლელოს მღლეტელ ბექა გელხვიძეს წითელი ბარათი უჩვენეს და გუნდი დარჩენილი თამაში კაცნაკლული დარჩა. ამის სარგო, მარტივი ჯარიმა ნინიძემ ააცილა, მაგრამ 3 წუთში ისევ მიეცა შანსი და ამჯერად შეაგდო. 3:9

ლელო მაინც არ ტყდებოდა, ლელოდან 10 მეტრში აგორებულ მოლს აბესაძე ნაადრევად მოწყდა და წინ გაიჭრა, მაგრამ ვაგლახ დამიწებამდე კიდის ხაზს დააბიჯა ფეხი. ტაიმის ბოლოს ყიასაშვილმა კიდევ ერთხელ სცადა ანგარიშის შემცირება, მაგრამ ეს ჯარიმაც გაცუდდა.

მეორე ტაიმში წვიმა შეწყდა, მზემ გამოანათა და გაცილებით უკეთესი რაგბი გაჩაღდა. ბათუმიც ბურთაობის ხასიათზე მოვიდა, უპირატესობა გამოიყენა, ზურა ძნელაძემდე ბურთი ჩაიტანა და მისი ოსტატობით პირველი ლელოც გავიდა. 3:14

სტუმრებმა წნეხი უფრო გააძლიერეს, ლელოს 22-ში აიღე და მიეძალეთი მრავალი ფაზა აკინძეს, ლელოც თითქმის დაამიწეს, მაგრამ ვიდეოზე გადამოწმების შემდეგ – არ ჩაითვალა, გამომუშავებული ჯარიმა კარში მიუთითეს და ნინიძემ ზუსტად დაჰკრა. 3:17

ამ თამაშმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფრთა გაგა ქევხიშვილია. ლელომ კარგი მოლი ააგორა, ხაზზე გაიტანა და ქევხიშვილმა რომ იგდო ოვალი, 4 კაცი ისე კოხტად გააბითურა – ლელოში მარტომ შეინავარდა. 10:17

ქევხიშვილს არც გამოცდილი ძნელაძე ჩამორჩა, რომელსაც კიდევ ერთი ლელოს დადების შანსი ქონდა, ოღონდ მასსაც დამიწებამდე აუტის ხაზზე დაუდგამს ფეხი, მაგრამ შემდეგ შეტევაზე ოსტატურად რომ გაჭრა ხაზი, მიყოლაზე ფრუიძე ახეირა. 10:24
ახლა ისევ ლელოს ჯერი დადგა, იგივე სცენარით, ჯერ კარგი მოლი ააგორეს, ხაზზე ჩათამაშებით ქევხიშვილამდე მიიტანეს ბურთი და მანაც ისევ 3 მბოჭავი იოლად ჩამოიშორა და ამ სეზონში მე-14 დადებული ლელოთი სეზონის ბომბარდირებში დაწინაურდა. ყიასაშვილმა რთული გარდასახვა გაიტანა და ინტრიგა დაუბრუნა თამაშს. 17:24

მე-60 წუთისთვის თამაში კიდევ უფრო გაიხსნა. ბათუმი დაკიდებულ ბურთებს კარგად ხურავდა, შეცდომებს იყენებდა და ფოფხაძემ ლელო მარტივად დაალელოვა კიდეც, რომ არა ვიდეო-რეფერი, რომელმაც რაქში წინ თამაში შენიშნა. ამის საპასუხოდ ლელომ შეტევები გაახურა, კარში დასარტყმელი ჯარიმები კიდეზე გადაიტანა და მაგარი ჯახი გაჩაღდა. ბათუმი მოლს კარგად იცავდა, მეტოქეს ჯანში ჯაბნიდა და მოგერიებაზეც კარგი იყო. 10 წუთზე მეტ ხანს იცავდნენ საკუთარ 22-ს, შერკინებაშიც დააჯარიმეს და პირიქით გადავიდნენ შეტევაზე. შეცვლაზე შემოსულმა სვანიძემ ხაზი ცენტრში გაჭრა, გუნდი კარგად აიყოლია და ცოტა დააკლდათ ლელომდე, თუმცა ხეირზე დანიშნული ჯარიმა, თანაც უეჭველად კარში დასარტყმელი, დაარტყეს და დასკვნითი 3 წუთისთვის სხვაობა 10 ქულამდე გაზარდეს. მამუკა ნინიძე ამ თამაშში ბრწყინვალე იყო, 5 ჯარიმითა და 2 გარდასახვით გუნდს 19 ქულა მოუტანა.

ლელო ბოლო წუთებში ცდილობდა, მაგრამ ბათუმი თავს კარგად იცავდა. ნინიძის თითქმის 100 (!) მეტრიანი დარტყმა, ლელოს მგეზავმა აუტის ხაზთან ვერ შეიმაგრა, ბურთი გადასული ეგონა, მაგრამ იქვე ჩასაფრებული სიჭინავა აღმოჩნდა, რომელმაც გადაცილებულ დროზე ბოლო ლელო დადო, კიდიდან ურთულესი გარდასახვა კი ისევ ნინიძემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში 17:34 დააფიქსირა. მატჩის საუკეთესო მორაგბე დამსახურებულად ზურა ძნელაძე გახდა.

ამრიგად, ლელო სარასენსმა მე-3 ადგილზე დაასრულა სეზონი, ბათუმის ბათუმი კი ზედიზედ მე-4 ფინალს ითამაშებს – 6 მაისს ავჭალაზე რუსთავის ხარებს შეერკინება. საინტერესოა, რომ ეს გუნდები დიდი 10-ის ფინალში უწინაც შეხვედრიან ერთმანეთს, 2019 წელს, როდესაც ბათუმში ჩატარებულ ფინალში მასპინძლებმა დამაჯერებლად 36:11 იმარჯვეს. წლევანდელ სეზონში ეს გუნდები 2-ჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ რუსთავმა მოიგო, ჯერ ბათუმში 5:29, შემდეგ კი შინ 20:12. ამრიგად, ფინალს ინტრიგა ნამდვილად არ აკლია, თანაც, ბათუმის 2019 წლის ჩემპიონობისას, რეგურალურ სეზონში მაშინაც ორივეჯერ რუსთავმა იმარჯვა.

დიდი ფინალის დაწყების დრო მალე გამოქვეყნდება, ერთი სიურპრიზი კი ნამდვილად ცნობილია, დიდი 10-ის ფინალის დაწყებამდე, ავჭალაში უაღრესად თვალსასეირო მატჩს ვიხილავთ: პირველი ლიგის ფინალში ბევრი ლეგიონერის მყოლი ოზურგეთის “არწივები”, ასევე ლეგიონერებით გაძლიერებულ თბილისის არმიას შეერკინება და გაარკვევს თუ ვინ ითამაშებს გაისად დიდ 10-ში.


30
აპრილი. დიდი 10. გასავარდნი ფინალი. ავჭალა
ლელო სარასენს (თბილისი) – ბათუმი (ბათუმი) 17:34 (3:9)
ლელო სარასენს:

15 ირაკლი ყიასაშვილი 14 ვაჟა მიქაძე 13 ბექა მამუკაშვილი 12 ბაგრატ მეტრეველი 11 გაგა ქევხიშვილი 10 პეტრე ხუციშვილი 9 დავით ხუროშვილი

1 ნიკა სვიმონიშვილი 2 ნიკა ბაბუნაშვილი 3 ბექა ბერუაშვილი 4 არჩილ აბესაძე 5 სანდრო ქოიავა 6 ზაურ კენჭაძე 7 ბექა გელხვიძე 8 ნიკა ამირანაშვილი

16 გიორგი მაისურაძე 17 ნიკა ქათამაძე 18 სანდრო ზუბაშვილი 19 ჯაბა სიხარულიძე 20 ბექა ყორიაული 21 გიორგი კურტანიძე 22 გიორგი ჩიქოვანი 23 ლუკა ხორბალაძე

2ლ: ქევხიშვილი
2გ: ჯ: ყიასაშვილი

ბათუმი:

15 მამუკა ნინიძე 14 ანზორ სიჭინავა 13 გიორგი ფრუიძე 12 გიორგი წიკლაური 11 ზურა ძნელაძე 10 რეზი ჯინჭველაშვილი 9 დავით კლდიაშვილი

1 ალეკო შამილიშვილი 2 ბექა მამრიკიშვილი 3 მიხეილ წიკლაური 4 ნუკრი ფერსელიძე 5 დაჩი კოპაძე 6 გიორგი თხილაიშვილი 7 ლაშა ფოფხაძე 8 ვანო ფუტკარაძე

16 გიორგი მენაბდე 17 ვაჟა თაგაური 18 ნიკა ჩუმაშვილი 19 კობა ჯიმშელეიშვილი 20 ჯონდი კორტავა 21 არჩილ თურმანიძე 22 სანდრო სვანიძე 27 დურმიშხან ჯაბნიძე

3ლ: ძნელაძე, ფრუიძე, სიჭინავა
2გ: 5ჯ: ნინიძე