დიდი 10 | ბათუმი საქართველოს ჩემპიონია – მეოთხედ!

ბათუმის ‘ბათუმი’ 2021/2022 წლების სეზონის დიდი 10-ის ჩემპიონია! ზღვისპირელებმა „დინამო არენაზე“ გამართულ ფინალში ბოლნისის ‘ყოჩებს’ 23:14 სძლიეს და ჯილდო მეოთხედ მოიპოვეს.

ბათუმელებს აქამდე ტიტული 1999, 2002 და 2019 წლებში ჰქონდათ მოპოვებული. შარშან ჩემპიონობა ქუთაისის ‘აიას’ დაუთმეს, წელს კი ზედიზედ მესამე ფინალი ითამაშეს და ოქროს მედლებთან ერთად, თასიც დაიბრუნეს.

„დინამო არენაზე“ გამართული ჩემპიონატის კულმინაცია ნამდვილ ზეიმად იქცა. ტრიბუნებზე ორივე გუნდის ქომაგი მრავლად შეიკრიბა. თამაშს ჯამში 15-ათასამდე მაყურებელი დაესწრო, რომელთა განწყობაზე სტადიონის პერიმეტრზე მოძრაობის თეატრის მსახიობები ზრუნავდნენ. გულშემატკივრებს დაურიგდათ გუნდების დროშები, უშუალოდ თამაშისას მსვლელობისას კი მათ ლევან ჯობავა „ახურებდა“.

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში დაძაბული გამოდგა. მთელი სეზონის განმავლობაში კარგად მობურთალ გუნდებს, ნერვიულობამ თავის საუკეთესოდ წარმოჩენის შესაძლებლობა არ მისცა. მრავლად იყო ტექნიკური წუნი და შეცდომები, საბოლოოდ კი, გამარჯვება იმ გუნდს დარჩა, რომელმაც ნაკლები შეცდომა დაუშვა.

ანგარიშის გახსნის პირველი შესაძლებლობა ‘ბათუმს’ ჰქონდა, მაგრამ მამუკა ნინიძეს პირველი დარტყმა გაუცუდდა. სამაგიეროდ, ის ზუსტი იყო მე-12 წუთზე, კარის წინ 22 მეტრში დანიშნული ჯარიმიდან. თამაშის განახლებისთანავე უკვე ‘ბათუმი’ დაჯარიმდა და ლაშა მალაღურაძემ მალევე შეძლო წონასწორობის აღადგენა. ზღვისპირელები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ და 28-ე წუთზე შეხვედრის პირველი ლელო გავიდა. ხვიჩა ბუჯიაშვილმა შერკინებიდან შეუტია და მძლავრი მიძალებით დაახლოებით 7-8 მეტრი იარა, 5-მეტრიან წყვეტილთან რაქიდან ბურთი კობა ბუჯიაშვილმა აიტაცა, დაუცველ ზონაში შეუტია და ლელო დაამიწა.

ლელოს დამიწების შემდეგ ვანო ფუტკარაძე ნიკოლოზ კუპრაშვილს ეუხეშა, რასაც ვიდეო რეფერის განხილვა მოყვა და ბათუმელთა მესამეხაზელი სინბინით დაისაჯა, ნინიძის გარდასახვის შემდეგ კი, ‘ყოჩებმა’ ბურთის თამაშში შეყვანის ნაცვლად ცენტრიდან ჯარიმა დაარტყა და მალაღურაძემ სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა – 10:6.

შესვენებისას გაწვიმდა და მეორე ტაიმის პირველი ნახევარი ზაფხულის თავსხმაში გაიმართა. ‘ყოჩებმა’ დებიუტში ჯარიმა გამოიმუშავა და მალაღურაძემ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, რასაც ‘ბათუმის’ გააქტიურება და 15-წუთიანი დომინირება მოყვა. ბოლნისელებმა მეტოქის მძლავრი შეტევის მოგერიება ნიკა რეხვიაშვილის სინბინის ხარჯზე მოახერხეს და თითქოს სიტუაციაც განმუხტეს, მაგრამ შემდეგ ეპიზოდში ბექა ურჯუკაშვილმა 10-მეტრიან წყვეტილთან ხაზი გაჭრა, ლელომდე 40 მეტრი დაფარა და ბურთი ალამთან დაამიწა – 15:9.

ნინიძემ რთული პოზიციიდან ვერ გარდასახა, თუმცა 53-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და ‘ბათუმი’ 9 ქულით დაწინაურდა. რადგან ბოლნისელებს ხელდახელ შეტევები არ გამოსდიოდათ, სინბინიდან დაბრუნებულმა რეხვიაშვილმა 60 მეტრიდან ჯარიმა კარში დაარტყა, მაგრამ ძალა დააკლდა. ამის შემდეგ ‘ყოჩებმა’ ხელსაყრელ პოზიციებზე ორი ჯარიმა მიიღო, თუმცა ამჯერად ლელოზე თამაში ამჯობინა. 62-ე წუთზე ‘ბათუმი’ ალეკო შამილიშვილის სინბინის შემდეგ მოედანზე კაცნაკლული დარჩა, თუმცა თავდადებული დაცვისა და ბოლნისელეთა მხრიდან შეცდომების ფონზე, დიდი ხნის განმავლობაში ანგარიში უცვლელი დარჩა.

10-წუთიანი მიძალებების სერიას საბოლოოდ ძალისმიერი ლელო მოყვა – ლაშა ფოფხაძემ რაქიდან შეუტია და ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა, რომ ბურთი ხაზზე დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო და 4-ქულიანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ‘ყოჩებს’ ლელოზე მოუწია თამაში, მაგრამ ‘ბათუმმა’ შეძლო თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა, ბოლნისელები წნეხში მოექცნენ, რასაც 78-ე წუთზე ბურთის დაკარგვა მოყვა, რომელიც გუგა შენგელიამ დაამიწა და ჩემპიონის ვინაობაც გაირკვა – 23:14 ‘ბათუმის’ სასარგებლოდ.

„თამაში დაძაბული გამოდგა. სეზონის ერთადერთი მარცხი სწორედ ‘ყოჩებთან’ განვიცადეთ და დღესაც გამოჩნდა, რომ ეს გუნდი ჩვენთვის უხერხული მეტოქე იყო. მრავლად გვქონდა წუნი, თუმცა ის ერთწლიანი შრომა, რაც მთელმა გუნდმა გავწიეთ დღეს დაგვიფასდა, ჩემპიონები გავხდით და ძალიან ბედნიერები ვართ. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც ბათუმიდან ჩამოვიდა და მთელი მატჩის განმავლობაში გვგულშემატკივრობდა“ – თქვა ნამატჩევს ‘ბათუმის’ კაპიტანმა ბექა ურჯუკაშვილმა, რომელიც ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ჯილდო ლეგენდარული ბორჯღალოსნის, მამუკა გორგოძისგან ჩაიბარა.

ბოლნისის ‘ყოჩებს’ ვერცხლის მედლები გადასცეს ვეტერანმა მორაგბემ და ქართული რაგბის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა გივი მრელაშვილმა, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავამ და ოპერაციების დირექტორმა ლექსო გუგავამ.

ჩემპიონ ბათუმს კუთვნილი ოქროს მედლები და საჩემპიონო თასი გივი მრელაშვილთან და იოსებ ტყემალაძესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ დააჯილდოვეს.

2021/2022 წლების დიდი 10-ის ფინალი (XXXII გათამაშება)
თბილისი. „დინამო არენა“.
ბათუმი (ბათუმი) – ყოჩები (ბოლნისი) 23:14

ბათუმი: 15. მამუკა ნინიძე, 14. ანზორ სიჭინავა, 13. ზურა ძნელაძე, 12. ბექა ურჯუკაშვილი (კაპ.), 11. ნიკა ნინიძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. კობა ბუჯიაშვილი; 1. ალეკო შამილიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. კობა ჯიმშელეიშვილი, 5. სანდრო ქოიავა, 6. ვანო ფუტკარაძე, 7. საბა შუბითიძე, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი მენაბდე, 17. ვაჟა თაგაური, 18. მურმან ჯიჯავაძე, 19. დაჩი კოპაძე, 20. გუგა შენგელია; 21. არჩილ თურმანიძე, 22. ბაჩი გრიგოლია, 23. ვიტალი ირემაძე.

3 ლელო: კ. ბუჯიაშვილი, ურჯუკაშვილი, შენგელია

1 გარდასახვა: მ. ნინიძე

2 ჯარიმა: მ. ნინიძე

ყოჩები: 15. ნიკოლოზ რეხვიაშვილი, 14. ირაკლი გეგენავა (კაპ.), 13. თემურ ჭიჭინაძე, 12. სერგი ჩხაიძე, 11. კოტე მარჯანიშვილი, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ნიკოლოზ კუპრაშვილი; 1. იროდიონ ქუცნიაშვილი, 2. ლაშა საჯაია, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. ლაშა ფოფხაძე, 5. მიხეილ არჩუაშვილი, 6. აკაკი მარშანია, 7. გიორგი ტყემალაძე, 8. გიორგი მჭედლიშვილი.

მარქაფა: 16. ლევან გენებაშვილი, 17. სანდრო ქიტუაშვილი, 18. გიორგი ხოსიტაშვილი, 19. კობა ტატულაშვილი, 20. ნიკა ჩხიკვაძე; 21. შავლეგ მახარაშვილი, 22. თემურ სოხაძე, 23. რანი ფხალაძე.

1 ლელო: ფოფხაძე

3 ჯარიმა: მალაღურაძე