დიდი 10 | არმაზი 8:36 ლელო-სარასენსი

მატჩის ფოტოები | © მარიამ გაგნიძე

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ მარნეულის ‘არმაზი’ „შევარდენზე“ ბონუსით, 36:8 დაამარცხა და ლიდერ ‘ბათუმთან’ 2-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა.

სტუმრებმა თავიდანვე შეძლეს უპირატესობის მოპოვება და ის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ. ანგარიში მე-12 წუთზე აკაკი ტაბუცაძემ გახსნა – მან მერაბ კვირიკაშვილის მიერ ფეხით გადაკიდებული ბურთი აიტაცა და ისეთი ლელო გაიტანა, როგორიც ცოტა ხნის წინ ბორჯღალოსნების კვართით ესპანეთთან ჩატარებულ სადებიუტო მატჩში. ირაკლი ყიასაშვილმა ზუსტი გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც შეასრულა და ანგარიში 10:0 გახადა.

30-ე წუთზე ‘ლელო-სარასენსმა’ შერკინების შემდეგ რამდენიმე დარტყმა განახორციელა, მერე ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩათამაშდა და სოსო მათიაშვილმა ლელო უპრობლემოდ გაიტანა. ტაიმის გაწითლებულ დროზე, ‘ლელო-სარასენსმა’ კარის წინ მოკლე დარტყმები განახორციელა, მერე ბურთი ხაზზე გაიტანა, სანდრო მამამთავრიშვილმა ხაზი გაჭრა და მისი ლელო ყიასაშვილმა გარდასახა. ‘არმაზმა’ შესვენებამდე ორჯერ დაარტყა ჯარიმა კარში, აქედან ერთი ნიკა ჭიკაიძემ გაიტანა და სტუმრები 22:3 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘არმაზმა’ შეძლო სახიფათო შეტევების განხორციელება და სტუმრებმა სინბინით ჯერ გიორგი პერტაია დაკარგეს, მერე კი მასპინძლებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დააყენეს და გოგა ხუროშვილმა ერთი საპასუხო ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ‘ლელო-სარასენსის’ პასუხმაც არ დააყოვნა – ‘არმაზმა’ თავის ნახევარზე დაკარგა ბურთი, მათიაშვილმა და რამაზ ნიქაბაძემ ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს და კონტრშეტევა ამ უკანასკნელის ლელოთი დასრულდა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახა.

‘ლელო-სარასენსმა’ მატჩის მიწურულს მეხუთე ლელოც გაიტანა. ხანგრძლივი შეტევის შემდეგ ჯაბა სიხარულიძემ დაცვის ხაზი გაგლიჯა და ბურთი ძელებსშუა შეიტანა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 36:8.