დიდი 10 | არმაზი 26:14 არესი

მარნეულის ‘არმაზმა’ „შევარდენზე“ ქუთაისის ‘არესს’ 26:14 სძლია და დიდი 10-ის გარდამავალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ეს იყო მესამე ტურის პირველი მატჩი „ბ“ ჯგუფში, რადგან გორის ‘ჯიქსა’ და ქუთაისის ‘აიას’ შორის გუშინ გასამართი შეხვედრა, კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო.

დებიუტანტი ‘არესი’ მესამე მატჩს დაუმარცხებელი შეხვდა და ბონდო აბაშიძის ჯარიმით დებიუტშივე დაწინაურდა. რეზი ჯინჭველაშვილმა საპასუხო ჯარიმა ტაიმის შუაში გაიტანა, თუმცა მალევე სტუმრები უკვე ირაკლი ცხადაძის ლელოთი დაწინაურდნენ.

ტაიმის მიწურულს ‘არმაზი’ სრულად დაეუფლა ინიციატივას და ჯინჭველაშვილმა 35-ე წუთზე ჯარიმით სხვაობა შეამცირა, სამ წუთში კი მან ფეხით ჩაკიდა ბურთი მეტოქის 22-ში, ლუკა დვალიშვილმა ხაზი გაჭრა და მისი ლელო რეზიმ გარდასახა.

 

 

აბაშიძემ გაწითლებულ დროზე ჯარიმით უპასუხა, თუმცა დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი, მარნეულელებმა ჯარიმა კარში არ დაარტყეს, დერეფნიდან კარგი შეტევა გაშალეს და ის ლუკა მატკავას ინდივიდუალური ლელოთი დასრულდა. ჯინჭველაშვილის გარდასახვას ‘არესმა’ კვლავ ჯარიმით უპასუხა, მაგრამ დარჩენილ 30 წუთში ქულაც ვეღარ აიღო, ‘არმაზმა’ კი მონაგარი ორი ჯარიმით გაზარდა და სტუმრებს ბონუსიც არ გაატანა – 26:14.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘არმაზის’ 9 ნომერი ლუკა დვალიშვილი გახდა, მისი გუნდი კი 5 ქულით მე-4 ადგილამდე აღზევდა და ქულით ჩამორჩება მეორეზე მყოფ ‘არესს’.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე