დიდი 10 | არესი vs ხარები

დიდი 10-ის ახალ, 2022/2023 წლების სეზონს ქუთაისის ‘არესი’ და რუსთავის ‘ხარები’ ქუთაისში, „აია არენაზე“ ხსნიან. თამაში 3 სექტემბერს 16:30 საათზე დაიწყება.

ქუთაისელებმა გასული გათამაშება მე-8 ადგილზე დაასრულეს. რადგან მომავალი წლიდან უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა 8-მდე შემცირდება, გუნდს მომავალ სეზონში უფრო მაღალი მიზნებისთვის მოუწევს ბრძოლა.

‘არესი’ გასული სეზონის შემდეგ 11-მა მორაგბემ დატოვა: დავით ჭელიძე, გოგა ბზიკაძე, თემურ კვიცარიძე, ამირან შვანგირაძე, დავით კვირიკაშვილი, ნოდარ სამხარაძე, იაგო ხაბულიანი, ჯაბა ჩეჩელაშვილი, თორნიკე შუბითიძე, თემურ თუთბერიძე და ბადრი დანგაძე. მათ ნაცვლად გუნდში მივიდნენ სოლომონ რაზმაძე, დავით გასვიანი, გუგა მარგველაშვილი (სამივე აია), პაატა ზედაშიძე (აკადემია), ცოტნე კვესელავა (ბაგრატი) და არსენ მაჩალაძე (იუნკერები).

მიუხედავად ამისა, მთავარი მწვრთნელი სერგო ფრუიძე ფიქრობს, რომ გუნდი სეზონს მომზადებული ხვდება:

„ძალიან ბევრმა მოთამაშემ დაგვტოვა, თანაც ისეთებმა, რომლებიც გასულ სეზონში ლიდერები იყვნენ, თუმცა ახალი მორაგბეებიც მრავლად გვყავს. ჩემპიონატისთვის ექვსი კვირაა ვემზადებით. ჯერ „აია არენაზე“ ვვარჯიშობდით, მერე შეკრებაზე ვიყავით აჭარაში და ‘ბათუმთან’ ტესტ-მატჩიც გავმართეთ. ‘ხარები’ ძლიერი გუნდია და როგორც გავიგე კარგი შევსებაც მიიღო. მძიმე, ძალისმიერ თამაშს ველოდები. ჩვენს გუნდში კარგი განწყობაა და ვფიქრობ, როგორც ხვალ, ასევე მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, კონკურენტუნარიანები ვიქნებით“.

რუსთავის ‘ხარებმა’ გასული სეზონი კარგად ჩაატარა, ფინალში გასვლამდე (32:33 ‘ყოჩებთან’) სულ ცოტა დააკლდა და მეორედ დაეუფლა ბრინჯაოს მედლებს. გუნდმა თითქმის სრულად შეინარჩუნა ბირთვი და რამდენიმე მორაგბითაც გაძლიერდა – გურამ ქანდაურაშვილი ‘შავი ლომიდან’, ირაკლი ქვათაძე, ვახტანგ ქვათაძე და ფარნა გასვიანი ‘ლოკომოტივიდან’, დავით ლაზვიაშვილი ‘ბათუმიდან’ და ცოტნე დარჩია საფრანგეთიდან.

ტრანსფერებზე და ახალი სეზონისთვის მზადებაზე მთავარი მწვრთნელი მამუკა მინდორაშვილი ამბობს:

„გუნდის ბირთვი შევინარჩუნეთ. ‘არმაზში’ გადავიდა ლაშა გოგიაშვილი და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა პირველ ლიგაში გავანათხოვრეთ, რათა სათამაშო პრაქტიკა ქონდეთ. ‘ლოკომოტივიდან’ სამი მოთამაშე დავიმატეთ და კიდევ სამი სხვადასხვა გუნდებიდან დავიბრუნეთ. სამწუხაროდ, 7-კაცაში თამაშისას გაუგებრობა მოხდა გურამ ქანდაურაშვილთან დაკავშირებით და დისკვალიფიკაცია ემუქრება. მზადება დაახლოებით ორი თვის წინ რუსთავში დავიწყეთ და ჩვენს მოედანზე ვემზადებოდით. უკვე ქუთაისში ვართ და ‘არესთან’ მატჩს ველოდებით. პირველი შეხვედრა ყოველთვის რთულია, მით უმეტეს ამ სიცხეში, თუმცა იმედიანად ვართ“.

„ჩვენი მიზანი ყველა თამაშში გამარჯვებაა. ფლეი ოფში აუცილებლად უნდა მოვხვდეთ და საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძოლებთ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სეზონის მიმდინარეობაზე, ტრავმებზე. სამწუხაროდ, გრძელი სათადარიგო სკამი არ გვაქვს და იმედია, სეზონის ბოლოს კარგ ფორმაში შევხვდებით“.