დიდი 10 | არესი 43:19 ბათუმი

ქუთაისის ‘არესმა’ დიდი 10-ის მესამე ტურში ‘ბათუმს’ ბონუსით, 43:19 სძლია და სატურნირო ცხრილში 10 ქულით მესამე ადგილამდე აღზევდა.

შეხვედრა ‘არესის’ შეტევებით დაიწყო, მაგრამ შეცდომები მოსდიოდათ. სამაგიეროდ, მე-9 წუთზე ნიკა ძნელაძემ ჩაჭრა გადაცემა და ლელოთი ანგარიში გახსნა, ცოტნე კვესელავამ კი გარდასახა. მე-16 წუთზე 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ, ბურთი არსენ მაჩალაძეს ჩამოუგდეს, მანაც მოკლე ფრთაზე შეუტია და ლელო გაიტანა. 22-ე წუთზე მასპინძელთა ლელო უკვე გოგა კობახიძის ლელოთი დასრულდა.

ამის შემდეგ ‘ბათუმმა’ შეძლო ხელდახელ კარგი შეტევების განხორციელება და ირაკლი ცხადაძეს სინბინის შემდეგ მასპინძლები კაცნაკლული დარჩნენ. სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლეს, თუმცა გაწითლებულ დროზე ანტონ შაშერომ საკუთარ 22-ში აიტაცა ბურთი და ის ვიტალი ირემაძეს გაატანა, რომელმაც 80 მეტრი ირბინა და ლელო ზურა ნინიძეს გაატანინა, დურმიშხან ჯაბნიძემ კი გარდასახა – 17:7.

მეორე ტაიმი კვლავ ‘არესის’ შეტევებით დაიწყო და რაქიდან ლელო შაქრო ლომსიანიძემ გაიტანა. გიორგი თევდორაძემ გარდასახა, ორიოდე წუთში კი ხელდახელ შეტევას გიორგი თავაძე მიყვა და ლამაზი ლელო გაიტანა. 51-ე წუთზე ‘ბათუმმა’ საკუთარი ლელოს ხაზიდან წამოიწყო კონტრშეტევა, ზურა ნინიძემ ხაზი გაჭრა, მარცხენა ფრთაზე შაშერო გაიქცა და დურმიშხან ჯაბნიძეს ოფლოუდი ამოუგდო, მან კი ორ მცველს აუარა გვერდი და ლელო მარჯვენა ფრთაზე გაიტანა – 29:12.

რადგან ‘ბათუმი’ შერკინებაში ხშირად ჯარიმდებოდა, მათ 59-ე წუთზე სინბინით მუხრან ბახტაძე დაკარგეს, ერთ წუთში კი არსენ მაჩალაძემ მოლი ლელოთი დაასრულა და თევდორაძემაც გარდასახა. 71-ე წუთზე სინბინით უკვე ქუთაისელთა კვაჭი ზაალ ცქიფურიშვილი დაისაჯა, ზღვისპირელებმა ჯარიმა გაითამაშეს და ჯონდი კორტავამ ლელო გაიტანა, ზურა ნინიძემ კი გარდასახა. მატჩის მიწურულს მარცხენა ფრთაზე ნიკა ძნელაძე გაექცა მეტოქეს თავისი მეორე ლელო გაიტანა,მოგვიანებით კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. თევდორაძემ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 43:19.

 

ფოტო: აჩიკო გეგენავა