დიდი 10 | არესი 43:0 ყაზბეგი

ქუთაისის ‘არესმა’ ‘ყაზბეგს’ 7 უპასუხო ლელო გაუტანა და დიდი 10-ის მესამე ტურში ბონუსით, 43:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველ ტაიმში მეტოქის შეცდომებით მაქსიმალურად ისარგებლეს და 5 ლელო გაიტანეს. არეულ თამაშში პირველი ორგანიზებული შეტევა ‘ყაზბეგმა’ განახორციელა, მაგრამ მე-11-ე წუთზე 90-მეტრიანი კონტრშეტევა მიიღო და ფეხით ორჯერ თამაშის შემდეგ, ლელო იაგო ხაბულიანმა გაიტანა. მე-18 წუთზე ‘არესმა’ უკვე 5-მეტრიანი მოლი ააგორა და ის გიგა კობახიძემ დააგვირგვინა.

სტუმრებმა შეუტიეს, მაგრამ შეცდომები კვლავ დაუშვეს. ‘არესმა’ საკუთარი შანსი ხელიდან არც ამჯერად გაუშვა და ფეხით თამაშის შემდეგ ლელო ჯერ ნიკა ძნელაძემ, მერე დავით კვირიკაშვილმა გაიტანა. შესვენებამდე სტუმართა შეცდომით ნოდარ სამხარაძემაც იხეირა, როცა მეტოქის 5-მეტრიანში ცუდად აგდებული ბურთი მოიგო და ლელო გაიტანა. გიორგი თევდორაძემ სამი გარდასახა – 31:0.

მეორე ტაიმის შუაში ქუთაისელებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს – დუბლი ზურაბ ოდიკაძეს ანგარიშზეა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე თეიმურაზ თუთბერიძე გახდა.

 

ფოტო: გიორგი კილაძე