დიდი 10 | არესი 40:0 ყოჩები

დიდი 10-ის პირველი ეტაპის დასკვნით ტურში, ქუთაისში ‘არესმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ ექვსი უპასუხო ლელო გაუტანა და 40:0 სძლია.

„ბ“ ჯგუფის პირველი ეტაპის დასკვნით ტურში, ეს ერთადერთი შეხვედრა იყო, რომელიც სატურნირო თვალსაზრისით არაფერს წყვეტდა. მართალია გუნდები ცხრილში ერთმანეთის გვერდიგვერდ იმყოფებიან, მაგრამ ‘ყოჩებს’ მოწინავე სამეულში მოხვედრა გარანტირებული ჰქონდა, ‘არესი’ კი ნებისმიერ შემთხვევაში უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძოლებს. შესაბამისად, ამ მატჩის შედეგი გუნდებს მეორე ეტაპზე არ გადაყვებათ.

მიუხედავად ამისა, ‘არესმა’ თავიდანვე მონდომებით შეუტია და მოლი ლელოთი გიორგი ტორაძემ დაასრულა, ტაიმის შუაში კი, მოლს ბადრი დანგაძე მოყვა და მეორე ლელო გაიტანა. ბონდო აბაშიძემ ერთი გარდასახა – 12:0.

მეორე ნახევრის საწყის 12 წუთში ‘არესმა’ მოლით კიდევ ორი ლელო გაიტანა, ორივე ტორაძის ანგარიშზეა და მატჩის საუკეთესო მოთამაშემ ჰეთ-თრიკი შეასრულა. 62-ე წუთზე მასპინძელთა მორიგი მოლი დანგაძის დუბლით დასრულდა, ხოლო 66-ეზე თეიმურაზ კვიცარიამ გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე ირბინა. აბაშიძემ ჯამში 5 გარდასახვა გამოიყენა.

 

ფოტო: არჩილ გეგენავა