დიდი 10 | არესი 37:12 ხარები

ქუთაისის ‘არესი’ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც 3-ით მეტი ლელოს გატანისთვის დიდი 10-ის ახალ სეზონში ბონუს-ქულა მიპოვა.

მასპინძლებმა რუსთავის ‘ხარებს’ 37:12 სძლიეს. სეზონოს პირველ მატჩში რუსთაველებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს და ამით ‘არესმა’ კარგად ისარგებლა.

საწყის 20 წუთში მასპინძელთა მგეზავმა გიორგი თევდორაძემ სამი ჯარიმა დაარტყა კარში და მათგან ორი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ‘არესმა’ სამივე ჯარიმა შერკინებაში გამოიმუშავა. 23-ე წუთზე ლაშა ძნელაძემ, ცოტნე კვესელავამ და ნიკა ძნელაძემ, მარჯვენა ფრთაზე ხელდახელ გაითამაშეს ბურთი და ლაშა ძნელაძემ შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა.

‘ხარებმა’ 3 წუთში უპასუხა. 22-მეტრიანთან დანიშნული დერეფნიდან სტუმრებმა ხაზზე გაშალეს შეტევა, კარგი კომბინაცია გაითამაშეს, ზურაბ ქავთარაძემ ფრთაზე სიჩქარე აკრიფა და ლელოს გატანამდე ორი მბოჭავი არ შეიმჩნია. გიორგი პეტრიაშვილმა გარდასახვით სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა. 29-ე წუთზე ‘ხარები’ კაცნაკლული დარჩა. ჟორა მღებრიშვილი ბურთში ხელის ჩარტყმისთვის დაისაჯა და ‘არესმა’ შესვენებამდე 12 ქულა გამოიმუშავა. სინბინიდან 1 წუთში ლელო ნიკა სირაძემ მიითვალა და თევდორაძემ გარდასახა, შესვენების წინ კი ანდრო ახვლედიანმა თავისი დაწყებული იერიში რამდენიმე ფაზის შემდეგ ლელოთი დაასრულა – 23:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ხარებმა’ მოლით დაძრა მოწინააღმდეგე, მისი შეჩერების შემდეგ ის ფრთაზე ბაქარ ზედგინიძეს მიუვიდა და ლელო გაიტანა. პეტრიაშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო. რუსთაველებმა ტემპს უმატეს, მაგრამ ტექნიკურმა წუნმა და მასპინძელთა კარგმა დაცვამ მათ ქულის აღების შესაძლებლობა არ მისცა. 53-ე წუთზე ‘არესმა’ თავისი ნახევრიდან შეუტია და ცოტნე კვესელავამ ლელო, ხოლო თევდორაძემ გარდასახვა გაიტანა.

63-ე წუთზე სტუმრებს ბურთი საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ შეტევის მცდელობისას დაუვარდათ, ის ნიკა ძნელაძემ აიტაცა და მეხუთე ლელო გაიტანა. თევდორაძემ გარდასახა, ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘არესმა’ 37:12 იმარჯვა, 3-ით მეტი ლელოს (5:2) გატანისთვის კი, მიმდინარე სეზონში პირველი ბონუსი მოიპოვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ცოტნე კვესელავა გახდა.

 

ფოტო: აჩიკო გეგენავა