დიდი 10 | არესი 34:13 ლოკომოტივი

დიდი 10-ის ლიდერმა ‘არესმა’, მე-6 ტურში აუტსაიდერ ‘ლოკომოტივს’ 34:13 სძლია და პოზიციები გაიმყარა. „აია არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძელთა კაპიტანმა ბექა ვარდანიძემ 10 წუთში სამი ლელო გაიტანა მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ხშირი იყო ტექნიკური წუნი, რამაც თამაშის სანახაობრივი მხარე დააკნინა, თუმცა ამ პირობებშიც გუნდებმა ჯამში 7 ლელო გაიტანეს. შეხვედრა ორმხრივი შეცდომებით დაიწყო და 15 წუთში გუნდებმა თითო ჯარიმა გააცუდეს. რადგან ხელდახელ ბურთაობა და ფაზების აკინძვა არ გამოდიოდა, ‘არესმა’ 25-ე წუთზე მოლით შეუტია და გოგა კობახიძემ ლელო გაიტანა, ხოლო გიორგი თევდორაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა. ორიოდე წუთში ქუთაისელებმა ცენტრში დაკარგეს ბურთი, ლევან ჯებირაშვილმა მარცხენა ფრთაზე კონტრშეტევა წამოიწყო, ფეხით ითამაშა და საპასუხო, ინდვიდუალური ლელო გაიტანა. ტაიმის მიწურულს ლუკა სახელაშვილმა და თევდორაძემ ჯარიმები გაცვალეს და მასპინძლები 10:8 დაწინაურდნენ.

45-ედან 55-ე წუთამდე ‘არესმა’ 5-მეტრიანი დერეფნიდან სამჯერ დააყენა მოლი, ვარდანიძემ სამი ლელო გაიტანა და საკუთარ გუნდს სოლიდური უპირატესობა მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ მეორე და მესამე ლელოების წინ ‘ლოკომოტივმა’ სინბინით მიხეილ აბრამიშვილი და მიშო ჩაჩავა დაკარგა. ჯერ კიდევ 14 კაცით მოთამაშე თბილისელებმა, 62-ე წუთზე ფორვარდებით, მოკლე დარტყმებით შეუტიეს და დავით თედელურმა ბურთი ლელოში გადადო. მალე მასპინძლებმა სინბინით არსენ მაჩალაძე დაკარგეს, მაგრამ კაცნაკლულებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს ლაშა ხურცილავამ თანაგუნდელის ოფლოუდი შეირგო და ‘არესისთვის’ ბონუსის მომტანი ლელო გაიტანა, თევდორაძემ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 34:13.

 

ფოტო: აჩიკო გეგენავა