დიდი 10 | არესი 33:14 აკადემია

ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘აკადემია’ დასკვნით წუთებში გატეხა, „აია არენაზე“ დაგეგმილი ბონუსით – 33:14 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა.

‘არესი’ 28 ქულით ლიდერობს და 2-ით უსწრებს ქუთაისის კიდევ ერთ გუნდს ‘აიას’, ასევე რუსთავის ‘ხარებს’. ‘აკადემია’ 8 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზე რჩება და ‘ბათუმს’ 7 ქულით ჩამორჩება.

მასპინძლებმა პირველ ტაიმშივე მოიპოვეს უპირატესობა, განსაკუთრებით ძალისმიერ თამაშში და მე-18 და 27-ე წუთებზე საჯარიმო ლელოები გამოიმუშავეს. ამ ეპიზოდებში ირაკლი ლუარსაბიშვილმა და ლაშა შალიკაშვილმა ყვითელი ბარათები მიიღეს. ტაიმის ბოლოს ‘აკადემიამ’ ხელდახელ რამდენიმე სწრაფი შეტევა განახორციელა, უკვე გაწითლებულ დროზე სანდრო მარგიანმა 5-მეტრიანთან ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და საპასუხოდ ლელოსთან ერთად, გარდასახვაც გაიტანა – 14:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლაშა ძნელაძემ თავისივე გადაკიდებული ბურთი მოხსნა და ლელოში გიორგი თევდორაძეს გაატანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და სტუმრებმა 3 წუთში უპასუხეს. ამჯერად 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ‘აკადემიამ’ დაძრა და საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, ბექა ვარდანიძე კი ყვითელი ბარათით დაისაჯა. რიცხობრივი თანაფარდობა მალე აღდგა, რადგან 3 წუთში ყვითელი გოგა ქადარიამ მიიღო.

68-ე წუთზე ‘არესმა’ მეტოქის შეცდომებით ისარგებლა და ორი ოფლოუდის შემდეგ იაგო ხილაძემ ლელო გაიტანა. 5 წუთში თევდორაძის ფეხით თამაშის შემდეგ ბურთი ლელოში დაამიწა და საკუთარ გუნდს ბონუსი მოუტანა. ცოტნე კვესელავამ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა – 33:14. მატჩის საუკეთესო მოთამაშე არსენ მაჩალაძე გახდა.